გოგიჩაიშვილის თქმით, კობახიძეს მილიონიანი ავტომობილი ემსახურება

ირაკლი კობახიძე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მილიონად შეფასებული ავტომობილი ემსახურება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა, სადაც პროდუქტზე არსებულ მაღალი ფასების შესახებ დებატები იმართებოდა.

„მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ხალხს ავუხსნა, რატომ არიან ღარიბები. თქვენ ხართ ღარიბები მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება გძარცვავთ. თქვენ გძარცვავენ მილიონერი დეპუტატები, ჩინოვნიკები, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები. ისინი იმიტომ არიან მილიონერები, რომ თქვენ გძარცვავენ...

ბატონი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი, პირველი რაც გააკეთა, მილიონიანი მანქანა შეიძინა“, - თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რაც შეეხება მანქანას, შესყიდულია 2023 წელს, ანუ იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მე დავიკავებდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ არის მართებული“.

ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით ამავე გადაცემაში დამატებით განმარტა, რომ ეს ავტომობილი მას გამონაკლის შემთხვევებში ემსახურება:

„საუბარია მანქანაზე, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სამსახურს, რომელიც არსებითად გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს უსაფრთხოების სამსახური.

პრემიერ-მინისტრს ჰყავს თავისი ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი“.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2024 წლის 30 იანვრიდან იკავებს. მან ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებით საპატიმროშია. მან დანაშაული აღიარა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა საპროცესო შეთანხმებით

გასული წლის მიწურულს, 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რადგან მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება. ამ საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

ასევე ნახეთ კობახიძე: პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია
ასევე ნახეთ სუსი სურსათის ფასების ზრდის შესწავლას იწყებს და „მკაცრ სამართლებრივ რეაგირებაზე“ საუბრობს

დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსმა და ფინანსურმა პოლიციამ სუპერმარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების ოფისებიდან დოკუმენტებიც ამოიღეს.