ევროპარლამენტმა განსაზღვრა თავშესაფრის მაძიებლებისთვის „უსაფრთხო ქვეყნები“

ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილების შეტანას რეგლამენტში, რომელიც ევროკავშირში თავშესაფრის მიღების პროცედურას განსაზღვრავს.
  • ხმათა უმრავლესობით 10 თებერვალს მიღებული ცვლილება ითვალისწინებს უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვას.
  • დაჩქარებული პროცედურა ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებლები, დიდი ალბათობით, უარს მიიღებენ.

ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნებად“ გამოაცხადა ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, კოსოვო, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატები(კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც აქვს), თუ ამ ქვეყნებში არ არის შეიარაღებული კონფლიქტი და სერიოზული საფრთხეები ადამიანის უფლებებისთვის.

ამასთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ, არის თუ არა რომელიმე კონკრეტული ქვეყანა უსაფრთხო.

რეგლამენტის შეცვლას მიემხრო ევროპარლამენტის 408 დეპუტატი. წინააღმდეგი იყო 184. ცვლილების ამოქმედებას მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის საბჭომ.

ასევე ნახეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა

10 თებერვალს ევროპარლამენტმა 396 ხმით 226-ის წინააღმდეგ დაამტკიცა „უსაფრთხო მესამე ქვეყნების“ კონცეფციის გამოყენების წესიც. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს უფლება ექნებათ თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც ისინი არ არიან. ევროკავშირის სახელმწიფოებს შეუძლიათ მესამე ქვეყნებს შეუთანხმდნენ და თავშესაფრის მაძიებლებმა განაცხადები იქ წარადგინონ.

გარდა ამისა, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი უარს მიიღებს, თუ ის ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა რომელიმე მესამე „უსაფრთხო ქვეყნის“ გავლით, სადაც შეეძლო ეფექტიანი დაცვა ეთხოვა.

ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ ცვლილებებს საგანგაშო უწოდა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შეარყევს ლტოლვილთა დაცვის საფუძვლებს.

Amnesty International-ის წარმომადგენელმა ოლივია სუნდბერგ დიესმა ევროპარლამენტში 10 თებერვალს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის „ბნელი დღე“ ევროკავშირში ადამიანის უფლებებისთვის და საგანგაშო პოლიტიკური ძვრა თავად ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპებისთვის.

უფლებადამცველის თანახმად, ცვლილება ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფარს ევროკავშირში ეძებენ, განაცხადის განხილვაზე უარს ეტყვიან არსებითი შეფასების გარეშე და გაგზავნიან ქვეყნებში, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ აქვთ. Amnesty International-ის შეფასებით, მსგავსი ზომები ნიშნავს, რომ ევროკავშირი უარს ამბობს ლტოლვილთა დაცვის ვალდებულებაზე.