ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

საილუსტრაციო კოლაჟი

ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ადრე მიღებული ახალი მექანიზმის ფარგლებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, წინადადებას მხარი არ დაუჭირეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. გადაწყვეტილება მარტის დასაწყისიდან ამოქმედდება.

2025 წლის დეკემბრის ბოლოს ამოქმედდა ევროკავშირის განახლებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. მაშინვე ითქვა, რომ ახალი მექანიზმი, სავარაუდოდ, საქართველოსაც შეეხებოდა, ბრიუსელისა და სხვა ევროპული დედაქალაქების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე.

ასევე ნახეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა

გადაწყვეტილება სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის. ბრიუსელში მანამდე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს, შეეძლოთ უვიზოდ ემოგზაურათ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, მათ შორის უნგრეთში.

ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, ზომები შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.


  • ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ - არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
  • ჯერჯერობით ევროკომისია კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.


თბილისი უარს ამბობს ევროკავშირის მიერ დასახელებული რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ შორის სადავო კანონების გაუქმებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ქვეყნისთვის „ეგზისტენციალური საკითხი“ არ არის და "უპირატესობას მშვიდობას და სტაბილურობას" მიანიჭებდა.

ასევე ნახეთ სია - ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტებს, რომლებსაც ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უჩერებს


ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

საქართველოში დიპლომატიური პასპორტები გაიცემა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეზე (და მათ მეუღლეებზე), მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე, პარლამენტის წევრებზე, კათოლიკოს-პატრიარქსა და სხვებზე.

სამსახურებრივი პასპორტები გაიცემა სამინისტროებისა და სააგენტოების რიგი თანამდებობის პირებზე, სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოებისა და პროკურატურის თანამშრომლებზე, ასევე დიპლომატიური მისიების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალსა და სხვა საჯარო მოხელეებზე დამტკიცებული კვოტების შესაბამისად.