რას ითხოვდნენ ადვოკატები - სააპელაციო სასამართლოში ზინოვკინა-გრიბულის სხდომა გაიმართა

ანასტასია ზინოვკინა და არტიომ გრიბული თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2025 წელი

სააპელაციო სასამართლოში, პროევროპული აქციებისას დაკავებული, ნარკოდანაშაულში მსჯავრდადებული ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის სასამართლო სხდომა გაიმართა.

დაცვის მხარემ სხდომაზე ე.წ. ნეიტრალური მოწმეების, თარჯიმნების გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

11 თებერვალს გამართულ სხდომას ანასტასია ზინოვკინა დისტანციურად, მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან დაესწრო. ეს მისი მოთხოვნა იყო. ზუსტი მიზეზი დაცვის მხარისთვის უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ანასტასია ზინოვკინას სხდომის მსვლელობისას მოსამართლემ შენიშვნა მისცა: „გთხოვთ, ნუ გადიხართ კადრიდან, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი გესმით“.

მოსამართლის ამ რეპლიკას ანასტასია ზინოვკინამ ასე უპასუხა: „დიახ, მესმის, ადგომა მიწევს, მირჩევნია ფეხზე ვიდგე“, – 33 წლის პატიმარ ქალს ხერხემლის პრობლემები აქვს.

ასევე ნახეთ ანასტასია ზინოვკინა - რატომ ჩათვალა „საიდუმლო სხდომამ“ რომ ის საშიშროების რისკს ქმნის?

სხდომათა დარბაზში, განსასჯელის სკამზე იჯდა ანასტასია ზინოვკინას შეყვარებული, მასთან ერთად დაკავებული არტიომ გრიბული - ჭრელი, ყვავილებიანი პერანგით. ცდილობდა, კომპიუტერის მონიტორიდან მოეკრა თვალი ანასტასიასთვის.

მსჯავრდადებულების ადვოკატმა, დარია სამოდუროვამ, მოსამართლეთა კოლეგიას, თეა ლეონიძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და პაატა სილაგაძის შემადგენლობით, ე.წ. ნეიტრალური მოწმეების, შსს-ს კონტრაქტორი კომპანიის თარჯიმნების, შორენა ტაბატაძისა და ანაიდა საფარიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართა.

ამის მიზეზი კი ასე განმარტა:

დარია სამოდუროვა

„2025 წლის 16 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა მოწმე-თარჯიმანი ანაიდა საფარიანი, 18 ივლისს - მოწმე-თარჯიმანი შორენა ტაბატაძე.

ანაიდა საფარიანის დაკითხვისას, მოსამართლე ნინო გასულტაშვილი დაცვის მხარეს უქმნიდა დისკომფორტს. მოსამართლე არ აძლევდა ბრალდებულებს საშუალებას, რომ კითხვები დაესვათ მოწმეებისთვის.

შორენა ტაბატაძის ჯვარედინი დაკითხვა მიმდინარეობდა დაძაბულ ვითარებაში. არ მოგვეცა საშუალება, მოწმესთვის დაგვესვა შესაბამისი კითხვები. ხშირ შემთხვევაში, მოსამართლე პროკურორის პროტესტის გარეშე იღებდა გადაწყვეტილებას კითხვის მოხსნასთან დაკავშირებით და ამით შეჯიბრობითობის პრინციპი იყო დარღვეული.

შორენა ტაბატაძე მონაწილეობდა ზინოვკინას პირად ჩხრეკაში და ანასტასიას ჰქონდა მასთან კითხვები, მაგრამ მოსამართლემ მას არ მისცა კითხვების დასმის საშუალება და განარიდა არაერთი კითხვა. ეს კითხვები კი საქმისთვის მნიშვნელოვანი იყო. მეტიც, ნინო გალუსტაშვილმა შორენა ტაბატაძე გაუშვა სასამართლო სხდომიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეზე გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი და ანაიდა საფარიანი და შორენა ტაბატაძე ნეიტრალურ მოწმეებად იყვნენ მიჩნეულნი, მივიჩნევთ, რომ ისინი სააპელაციო სასამართლოში უნდა დაიკითხონ“, - თქვა 11 თებერვალს გამართულ სააპელაციო სხდომაზე დარია სამოდუროვამ.

ანასტასია ზინოვკინას კიდევ ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის სიტყვებით კი სწორედ ამ „ნეიტრალურმა მოწმეებმა“ დაადასტურეს სხვა, პროევროპულ აქციებზე დაკავებულის, ნარკოდანაშაულში ბრალდებულის საქმის [ანტონ ჩეჩინის საქმე რ.თ.] მსვლელობისას, რომ „მათ აქვთ ახლობლური ურთიერთობა“ გამომძიებლებთან, რაც შოთა თუთბერიძის თქმით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ისინი ვერ იქნებიან „ნეიტრალური მოწმეები“:

შოთა თუთბერიძე

„ამ თარჯიმნებს არ მიეცათ საშუალება, რომ იგივე გაემეორებინათ ამ საქმეზეც. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს თარჯიმნები მოვლენ სააპელაციოში, რომ მათ განიცადეს მეტამორფოზა და იტყვიან სიმართლეს, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვართ, რომ დაცვის მხარის დაკითხვის გზით ნამდვილად მოხდება ის, რომ ამ მოწმეების „მატყუარობა“ სასამართლომ ცალსახად დაინახოს და გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღების დროს“.

ანასტასია ზინოვკინამ პირველ ინსტანციაში მიმდინარე სხდომისას თქვა, რომ თარჯიმანი შორენა ტაბატაძე მას პოლიციის ავტომობილში შეურაცხყოფას აყენებდა:

„შორენა ტაბატაძე მიყვიროდა, რომ როგორიც შენ ხარ, ისეთები მოსაკლავები არიანო. მე ვუთხარი, ჩემნაირი კარგები და ლამაზები-მეთქი? რაზეც მან მიპასუხა კითხვით, დამცინიო?..“

ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობას „უსაფუძვლო“ უწოდა საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ:

„არ უნდა დაკმაყოფილდეს. დაცვის მხარის მოთხოვნა ძირითადად ეყრდნობა იმას, რომ ანასტასია ზინოვკინას არ ჰქონდა კითხვების დასმის საშუალება. საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე ამომწურავად უსვამდა კითხვებს მოწმეებს. ბრალდების მხარის პროტესტი ეფუძნებოდა იმას, რომ ანასტასია იმეორებდა იმავე კითხვებს, რა კითხვებიც დასმული ჰქონდათ ადვოკატებს. მოხდა მხოლოდ რამდენიმე კითხვის არიდება იმ მოტივით, რომ მათ უკვე ჰქონდათ გაცემული პასუხი იმ კითხვებზე, რასაც ბრალდებული უსვამდა. შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ეს ასე ახსნა:

„საქმის მასალების თანახმად, მოწმეების დაკითხვისას არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია“.

სააპელაციო სასამართლოში მომდევნო სხდომა, რომელზეც მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან, 20 მარტს, 12 საათზე გაიმართება.

რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და მისი შეყვარებული არტიომ გრიბული, სამართალდამცავებმა 2024 წლის ბოლოს, პროევროპული აქციების ფონზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

ანასტასია ზინოვკინა 2012 წლიდან აქტიურად იყო ჩართული რუსეთში პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში.

ახალგაზრდა ქალს ხან საპროტესტო ბანერის გაშლის გამო დევნიდა პოლიცია, ხან გზის გადაკეტვისა თუ პოლიციის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით იწყებოდა მის წინააღმდეგ გამოძიება. გავრცელებული ცნობების თანახმად, ის დაკავებულიც იყო.

ანასტასია ზინოვკინას ჩვენების თანახმად, მან 2023 წელს დატოვა რუსეთი, ჯერ სომხეთში ჩააკითხა შეყვარებულს, იქიდან კი საქართველოში ჩამოვიდნენ.

ანასტასია ამბობდა, რომ საქართველოდან ისინი ბრაზილიაში წასვლას გეგმავდნენ:

„რეპრესიებმა კი არ მაიძულა [რუსეთიდან] გავმგზავრებულიყავი, არამედ რუსეთში ცხოვრების გაუსაძლისობამ. მე ჯანმრთელობის პატარა პრობლემა მაქვს, კისრის მალა მაქვს გადაადგილებული...ახლაც ცუდად ვგრძნობ თავს და, სიმართლე გითხრათ, სამკურნალოდ მივდიოდი ლათინურ ამერიკაში“, - თქვა ანასტასია ზინოვკინამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გასული წლის აგვისტოში.

12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მასაც და მის შეყვარებულს, არტემ გრიბულსაც.

ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ და დარწმუნებული არიან, რომ ისჯებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.