დღევანდელ სასამართლო სხდომას ზვიად რატიანი არ დასწრებია - თავისივე სურვილით.
სააპელაციო სასამართლომ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი გელაშვილის მიერ 9 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი, რომელიც გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
9 ოქტომბრის განაჩენით, მოსამართლემ ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევად შეაფასა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ „პატიმრობა, ჩემივე პროექტი იყო“: ზვიად რატიანის ინტერვიუ საკნიდან„სიმბოლური ჟესტი“
თავად რატიანი აცხადებს, რომ ეს იყო „სიმბოლური ჟესტი, ერთგვარი პერფორმანსი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება“.
ზვიად რატიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სინდისი ქენჯნიდა, რადგან პროევროპული პროტესტის არაერთი მონაწილე ციხეში იჯდა, თავად კი თავისუფალი იყო.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე ზვიად რატიანის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდა.
„სახელის მოხვეჭა მოინდომა“ - პროკურორი
პროკურორმა მოითხოვა, სილის გაწვნა შეფასდეს არა ხელის შეშლად, არამედ პოლიციელზე თავდასხმად, - რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურორმა გიორგი გოგალაძემ განაცხადა, რომ „სიმთვრალით წაქეზებული“ ზვიად რატიანი „თავს დაესხა პოლიციელს“, შემდეგ კი სინდისის ქენჯნაზე აპელირებით თავისი საქციელის გამართლება და „სახელის მოხვეჭა მოინდომა“.
„ვისურვებდი, მისი წიგნები წაგეკითხათ“ - ადვოკატი
ადვოკატმა უპასუხა, რომ ზვიად რატიანს „სახელი ისედაც ჰქონდა და ამისთვის დამატებით სხვა არაფერი სჭირდებოდა“.
„ვისურვებდი, მისი ტექსტები წაგეკითხათ“, - მიმართა ადვოკატმა პროკურორს.
ასევე ნახეთ საერთაშორისო პენცენტრი პოეტ ზვიად რატიანის გათავისუფლებას ითხოვს- პოეტი ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
- პროკურატურა აცხადებს, რომ 22:30 საათზე ზვიად რატიანი მიუახლოვდა რუსთაველზე მდგარ სამ პოლიციელს და ჰკითხა, ქალი რომ არის ციხეში, თუ მოგწონთო (იგულისხმებიან ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და მაშინ ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი).
- შემდეგ იკითხა, მათგან რომელი იყო ხელმძღვანელი და ხელი გაარტყა თემურ მეშველაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს.
- ზვიად რატიანი ადგილზევე დააკავეს.
- 2 ივლისს საქართველოს მთავრობას მიმართა საერთაშორისო პენცენტრმა (PEN International) და ზვიად რატიანის გათავისუფლება მოითხოვა.