SOTAvision-ის ცნობით, მოსკოვში, ბორისოვოს სასაფლაოზე, სადაც არის დაკრძალული პოლიტიკოსი, შეიკრიბა ათობით ადამიანი, მათ შორის ნავალნის დედა და ქვრივი, იულია, ასევე გერმანიის, იტალიის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. მოსახსენებელი ლოცვა წაიკითხა მღვდელმა დიმიტრი საფრონოვმა, რომელსაც ადრე მღვდელმსახურება აუკრძალეს. ყვავილები გაჩნდა ასევე სოლოვკის ქვასთან, ქალაქის ცენტრში, ლუბიანკის მოედანზე.
სანქტ-პეტერბურგში, ვოსკრესენსკაიას სანაპიროზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი შემოღობილია ბადისებრი ღობით და დამონტაჟებულია ამწე. იქვე მორიგეობს სამი პოლიციელი. მოგვიანებით დააკავეს გამვლელი, რომელმაც შემოღობილი მემორიალი გადაიღო. იგი პოლიციის 76-ე განყოფილებაში წაიყვანეს.
გარდა ამისა, MR7-ის ცნობით, ვოსკრესენსკაიას სანაპიროდან წაიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი. ცოტა ხნით ადრე მან პარაპეტზე თოვლში დატოვა პორტრეტი, ხატი და ვარდები.
OVD-Info-ს ცნობით, მოსკოვში, დააკავეს მოპიკეტე, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „რუსეთი თავისუფალი იქნება! 16.02.2024“. ის საპროტესტო აქციას მართავდა ვდნხ-ს მთავარ შესასვლელთან.
ვოლგოგრადში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან, დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები სახელად ანდრეი. OVD-Info-ს ცნობით, ის პოლიციის მე-4 განყოფილებაში წაიყვანეს. დაკავებულმა შეწყვიტა კავშირზე გამოსვლა, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მის სიტყვებზე დაყრდნობით დაწერა განმარტებითი ბარათი, რის შემდეგაც იგი ოქმის შედგენის გარეშე გაათავისუფლეს.
ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, პერმში, გორნო-ალტაისკში, ვლადივოსტოკსა და ბარნაულში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან ხალხი ყვავილებს და ბარათებს ტოვებს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი და ანტიკორუფციული ფონდის დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი არაერთი პოლიტიკური მუხლით იხდიდა სასჯელს. ნავალნის თანამებრძოლები მისი გარდაცვალების პირველივე დღეებიდან ამტკიცებდნენ, რომ ის, სავარაუდოდ, მოკლეს და მიუთითებდნენ 2020 წელს მის წინა მოწამვლაზე. დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ის, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს ნივთიერება „ნოვიჩოკით“.
დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდის ლაბორატორიებმა, რომლებმაც პოლიტიკოსის ბიომასალის ნიმუშები გააანალიზეს, დაასკვნეს, რომ ის სამხრეთამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან მიღებული შხამით მოკლეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ეთანხმება ამ ბრალდებებს.
2025 წლის 16 სექტემბერს გამოცხადდა, რომ სალეხარდის საქალაქო სასამართლომ უარყო ნავალნის დედის, ლუდმილა ნავალნაიას სარჩელი, რომელმაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა ციხეში მისი ვაჟის მკვლელობის თაობაზე. ადრე გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტებში ნათქვამი იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება იყო ჰიპერტენზიის და სხვა დაავადებების გამწვავების შედეგი, სიკვდილის უშუალო მიზეზი კი - „გულისცემის რიტმის დარღვევა“ იყო.
ასევე ნახეთ რით მოწამლეს ალექსეი ნავალნი?