რა ვიცით თბილისში გაუჩინარებული 24 წლის ქალის შესახებ? - ველაპარაკეთ მის დედას და მეგობარს

ლატვიის მოქალაქეს, ეველინა სმირნოვას, ოჯახი 15 თებერვლიდან ეძებს.

ოჯახი თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას ეძებს. ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში თავდაპირველად ქალის ძმამ გაავრცელა 18 თებერვლის ღამეს, თბილისში მცხოვრები მიგრანტების ჯგუფში, Expats in Tbilisi.

24 წლის კოსმეტოლოგის ოჯახის წევრები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ეველინას კვალი 15 თებერვლიდან იკარგება. უკანასკნელად ის მისმა მეგობარმა ბიჭმა ავლაბრის მეტროს სიახლოვეს ნახა.

ეველინა და მისი მეგობარი საქართველოში 12 თებერვალს ჩამოვიდნენ და ლატვიაში დაბრუნებას 18 თებერვალს, საღამოს გეგმავდნენ.

რას გვიყვება ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ეველინა ბოლოს ნახა?

რადიო თავისუფლება ეველინა სმირნოვას მეგობარს ელაპარაკა. ახალგაზრდა კაცი გვეუბნება, რომ კვირას, 15 თებერვალს, ისინი სიღნაღში „ღვინის ექსკურსიაზე“ წავიდნენ.

კახეთიდან დაბრუნებულებმა, ავლაბრის მეტროსთან ახლოს, მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტეს. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ ეველინას კვალი სწორედ ამ დროს დაკარგა:

„მაღაზიიდან რომ გამოვედი, ეველინა აღარ ჩანდა. ველოდე, მაგრამ აღარ მოვიდა. პოლიციასთან ერთად დათვალიერებულ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ის უცნობთან ერთად მიდის. მას არ უთქვამს, რომ საქართველოში ვინმეს იცნობს. კამერებში ჩანს, რომ თითქოს მშვიდად მიჰყვება კაცს. ძალადობის მომენტი არ ჩანს".

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციას 15 თებერვლის ღამესვე მიმართა:

"ეველინას ტელეფონი სახლში დარჩა, ამიტომ რაკი თბილისის ქუჩებს არ ვიცნობთ, შესაძლოა, ეველინას სახლისთვის ვერც მოეგნო და ვიფიქრე, რომ პოლიციის ჩართვა იყო საჭირო.

ბოლო ორი დღეა პოლიციასთან ერთად დავდივარ, ვაწვდი ინფორმაციას, ვაჩვენებ იმ ადგილებს, სადაც ვიყავით. ახლა ვგეგმავ საქართველოში ლატვიის საელჩოში მისვლას“...

რას გვეუბნება გაუჩინარებული ქალის დედა?

რადიო თავისუფლება ლატვიაში დაუკავშირდა ეველინას დედას, ნანია პეტროვას. ქალი გვეუბნება, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შვილი საქართველოში იყო წასული სამოგზაუროდ.

„მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ, რიგასთან ახლოს. ეველინა რიგაში ცხოვრობს, მარტო. სრულწლოვანია, დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს. პროფესიით კოსმეტოლოგია, მუშაობს".

ეველინას დედა ამბობს, რომ ბოლოს გასულ კვირაში, ხუთშაბათს ელაპარაკა:

"რამდენიმე გზავნილი გავცვალეთ სოციალურ ქსელში. შაბათს ვალენტინობა მივულოცე, მაგრამ აღარ მიპასუხა".

იმ დღიდან მოყოლებული დედა შვილს ვეღარ უკავშირდება:

"დავურეკე მის მეგობრებს აქ, ლატვიაში. მათგან გავიგე, რომ შესაძლოა, ის საქართველოში იმყოფებოდა. გამიკვირდა, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა ამის შესახებ.

ვესაუბრე იმ ბიჭსაც, ვისთან ერთადაც ჩემი შვილი საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ის მიყვება, წასულები იყვნენ ექსკურსიაზე. საღამოს დაბრუნდნენ თბილისში. იყვნენ ნასვამები. ამბობს, რომ თვითონ მაღაზიაში შევიდა, ეველინა გარეთ დარჩა და როცა გამოვიდა, ის აღარ ჩანდა“.

რა ეცვა გოგოს გაუჩინარებამდე?

24 წლის გოგოს მეგობარმა, ეველინას დედას გაუგზავნა ფოტო და იმ ტანსაცმლის აღწერილობაც, რაც ახალგაზრდა ქალს გაუჩინარებამდე ეცვა:

„ტყავის პალტოს ქვეშ აცვია ჯინსის ქურთუკი, ასევე ჯინსის შარვალი. შავ-თეთრ ფერში გაწყობილი ბოტასები“.

საქართველოში გადაღებული ფოტო, რომელიც ეველინას მეგობარმა ბიჭმა დედას გადაუგზავნა და უთხრა, რომ ეველინას ასე ეცვა.

ნანია პეტროვა ამბობს, რომ საქმის კურსშია ლატვიის პოლიციაც:

„ისინი უკვე დაუკავშირდნენ საქართველოში სამართალდამცავებს. ეველინას მეგობარი მეუბნება, რომ ნასვამები იყვნენ. არ ვიცი რა ვიფიქრო. შესაძლოა, ვინმემ ისარგებლა ამით. პოლიციამ ბინები უნდა დაათვალიეროს, იქნებ სადმე შეიტყუეს, იქნებ ვინმემ დაინახა, აღარ ვიცი რა ვიფიქრო“.

რადიო თავისუფლება ქალის ძებნის დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან, ამ ეტაპზე, ინფორმაცია ვერ მივიღეთ. შსს-გან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

განახლება: რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს: "ყველა შესაბამისი ღონისძიებები ტარდება მის მოსაძებნად".

24 წლის ქალის მეგობარი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციამ ის გააფრთხილა, „არ ისაუბროს დეტალებზე“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „მოიკითხავენ ინფორმაციას“ საქართველოში გაუჩინარებული ლატვიის მოქალაქის შესახებ. პასუხის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ამავე სტატიაში აისახება.