ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელებს, საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის პრემია გადაეცემათ.
ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 თებერვალს, დააზუსტა პარლამენტში ყოფნისას.
- იტალიაში, მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს - ფიგურული ციგურაობაში;
- ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.
კობახიძემ განაცხადა, რომ დაწესებული პრემია ვერცხლის მედლისთვის იყო, ჯამში, 500 ათასი ლარი, თუმცა რახან „ეს არის ისტორიული გამარჯვება“, მიიღეს გადაწყვეტილება და საპრიზო ფონდი გააორმაგეს.
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მეორე ადგილი დაიკავეს 221.75 ქულით.
პირველი იყო იაპონელთა წყვილი, მირუ მიურა და რიუიჩი კიჰარა, - მათ ოქროს მედლები 231.24 ქულით მოიპოვეს.
ბრინჯაოს დასჯერდნენ გერმანიის წარმომადგენლები მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი, რომლებსაც მსაჯებმა 219.09 ქულა არგუნეს.
ასევე ნახეთ საქართველო - ზამთრის ოლიმპიურ ელიტაში