ჯექსონი 1941 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა გრინვილში, სამხრეთ კაროლინაში. სტუდენტობის დროიდანვე ეწინააღმდეგებოდა რასობრივ სეგრეგაციას და თანასწორობისთვის იბრძოდა.
1971 წელს ჯექსონმა დააარსა სამოქალაქო უფლებების ორგანიზაცია PUSH (People United to Save Humanity). PUSH იბრძოდა პროგრამებისთვის, რომლებიც ბიზნესის მფლობელებს შავკანიანი თანამშრომლების დაქირავებისკენ უბიძგებდა. ის სასულიერო პირი იყო.
1984 და 1988 წლებში ჯექსონი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში მონაწილეობდა და რამდენიმე პრაიმერიზი მოიგო. მისი კამპანიების მთავარი თემა იყო რასობრივი უმცირესობების, მუშათა კლასისა და ქალების თანასწორობის გაღრმავება. პირველად, როდესაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი დემოკრატიულ კანდიდატად წარადგინეს საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯექსონი პრაიმერიზში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო მეორედ, მეორე ადგილზე გავიდა და მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორ მაიკლ დუკაკისთან დამარცხდა.
1990-იან წლებში ჯექსონი აფრიკაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. როგორც CNBC აღნიშნავს, ის ვაშინგტონიდან „ჩრდილოვანი სენატორის“ რანგში ლობირებდა, რომ შტატის სტატუსი მოეპოვებინა კოლუმბიის ოლქს, სადაც მდებარეობს აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი.
1980-იან და 1990-იან წლებში ჯექსონმა უზრუნველყო საზღვარგარეთიდან ათობით მძევლისა და პატიმრის გათავისუფლება. ის აქტიურად იცავდა ამომრჩევლებისა და ლგბტ თემის წევრების უფლებებს.
ჯექსონი ასევე ხელს უწყობდა მთელს მსოფლიოში მძევლად აყვანილი, ტყვედ აყვანილი ან დაპატიმრებული ამერიკელების გათავისუფლებას. კერძოდ, 1984 წელს ჯექსონმა კუბის ტყვეობიდან შეერთებულ შტატებში დააბრუნა 16 ამერიკელი, ხოლო 1999 წელს, იუგოსლავიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მან უზრუნველყო სერბეთის ჯარების მიერ ტყვედ აყვანილი სამი ამერიკელი ჯარისკაცის გათავისუფლება.
სიცოცხლის ბოლო წლებში ჯექსონი თითქმის არ ჩნდებოდა პოლიტიკურ არენაზე და მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში, მაგრამ განაგრძობდა თავისი შეხედულებების დაცვას, აღნიშნავს CNBC.
ასევე ნახეთ ფსკერისკენ მიმავალი კუნძული: რით დასრულდება ტრამპისა და კუბის დაპირისპირება