ბათუმში სარესტორნედ განკუთვნილ სივრცეს ანგრევენ

მძიმე ტექნიკა იქ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიყვანა.

ბათუმში, „თევზის ბაზართან“ ერთ-ერთ მშენებარე კონსტრუქციას ანგრევენ. მძიმე ტექნიკა იქ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიყვანა.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ, სიცრუეა. ამ ეტაპზე ე.წ. თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის დემონტაჟი“, - ამბობენ ბათუმის მერიის სამსახურში.

მშენებარე კონსტრუქცია, რომლის დანგრევაც იგეგმება.

მუნიციპალურ სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები შეუთანხმებლად დაიწყო.

„არ მქონდა ნებართვა. დავიწყე და ავაშენე... [არ ვთანხმდები] რომ დემონტაჟი განხორციელდეს... მილიონამდე ჩავდე... დამანებე თავი, ჩემი ის მყოფნის...“ - უთხრა „აჭარა თაიმსს“, სავარაუდოდ, ობიექტის მფლობელმა.

ადგილზე მუშაობს ადგილობრივი მედიასაშუალება „აჭარა თაიმსი“, რომელიც იუწყება, რომ სანაპირო ზოლში არაერთი ობიექტი დაანგრიეს გუშინ, 17 თებერვალსაც.