თბილისში რამდენიმე დღით გაუჩინარებული 24 წლის ლატვიის მოქალაქე, ეველინა სმირნოვა, იპოვეს.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს რომ პოლიციამ ქალს მიაგნო და უთხრეს, რომ არავინაა დაკავებული, რადგან დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა.
რადიო თავისუფლება ეველინა სმირნოვას 19 თებერვალს იმ სახლში შეხვდა, რომელიც ერთი კვირის წინ მეგობართან ერთად იქირავა.
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ საკუთარი სურვილით იყო "გაუჩინარებული". თუმცა ჩვენთან საუბრისას ვერ იხსენებს და ვერ აღწერს თანმიმდევრულ სურათს, სად იყო ამ ოთხი დღის განმავლობაში:
"ძირითადად ვერთობოდი. არ მახსოვს, კონკრეტულად სად ვიყავი, ადგილების შესახებ ვერ გეტყვით, რადგან ქალაქს კარგად არ ვიცნობ. მგონი, ქალაქში ვიყავი".
რატომ ვერ მოახერხა ოთხი დღის განმავლობაში ოჯახთან, მეგობარ ბიჭთან დაკავშირება, ამ კითხვაზე გვპასუხობს:
"ტელეფონი არ მქონდა".
ამბობს, რომ პოლიციამ ის და მისი თანმხლები ახალგაზრდა კაცი [საქართველოს მოქალაქე რ.თ.] სკვერში აღმოაჩინა:
"ზუსტად ვერ გეტყვით, სად არის ეს სკვერი. სადღაც აქვე".
ახალგაზრდა ქალი ირწმუნება, რომ მის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი:
"არა, ყველაფერი კარგადაა".
ეველინა სმირნოვას დედა, ნანია პეტროვა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის არ არის ცხადი, რა მოხდა სინამდვილეში და არ სჯერა, რომ მისი შვილი 4 დღის განმავლობაში საკუთარი ნებით იყო გაუჩინარებული:
„პოლიციას ვთხოვეთ, რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდით მის წამოსაყვანად, ჩემი შვილი კლინიკაში გადაეყვანათ. მე არ ვიცი, ჩემი შვილი რით გააბრუეს, შეიძლება ნარკოტიკებით...
პოლიცია მეუბნება, რომ ის ადეკვატურია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა მის თავს. გაუშვეს ის ადამიანი, ვისთან ერთადაც იყო გაუჩინარებული ბოლო 4 დღის განმავლობაში. პოლიციას ვთხოვდით, რომ გადაეყვანათ ჩემი შვილი ან კლინიკაში, ან ლატვიის საელჩოში, მაგრამ მითხრეს, რომ ის სრულწლოვანია და უნდა გავუშვათ“.
ეველინა სმირნოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გასინჯეს. მათი თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:
"ჰემოდინამიკა ნორმალურია. ამბობს, რომ მის მიმართ რაიმე სახის კრიმინალურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია", - ეუბნება რადიო თავისუფლებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.
ოჯახი თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას, 15 თებერვლიდან ეძებდა. ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში თავდაპირველად ახალგაზრდა ქალის ძმამ გაავრცელა, თბილისში მცხოვრები მიგრანტების ჯგუფში, Expats in Tbilisi-ში.
ეველინა და მისი მეგობარი, ახალგაზრდა კაცი, საქართველოში 12 თებერვალს ჩამოვიდნენ და დაბრუნებას 18 თებერვალს, საღამოს გეგმავდნენ.
ეველინა სმირნოვას მეგობარმა 18 თებერვალს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კვირას, 15 თებერვალს, ისინი სიღნაღში, „ღვინის ექსკურსიაზე“ წავიდნენ. კახეთიდან დაბრუნებულებმა, ავლაბრის მეტროსთან მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტეს. ეველინას კვალი სწორედ ამ დროს დაკარგა:
„მაღაზიიდან რომ გამოვედი, ეველინა აღარ ჩანდა. ველოდე, მაგრამ აღარ გამოჩნდა. პოლიციასთან ერთად დათვალიერებულ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ის უცნობთან ერთად მიდის. მას არ უთქვამს, რომ საქართველოში ვინმეს იცნობს. კამერებში ჩანს, რომ თითქოს მშვიდად მიჰყვება კაცს. ძალადობის მომენტი არ ჩანს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას გუშინ.
ამ დროს პოლიცია ქალს უკვე ეძებდა.
ასევე ნახეთ რა ვიცით თბილისში გაუჩინარებული 24 წლის ქალის შესახებ? - ველაპარაკეთ მის დედას და მეგობარს