რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. წარმომადგენელი დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვიტალი იანკოვსკი მოლდოვის ტერიტორიაზე „არ დაუშვეს“. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს მოლდოვურ გამოცემა IPN-ზე დაყრდნობით.
იანკოვსკის მოლდოვის ტერიტორიაზე შესვლა ხუთი წლით აუკრძალეს.
გამოცემა IPN-ს მოლდოვის სასაზღვრო პოლიციაში განუცხადეს, რომ შემოწმების შედეგად ვიტალი იანკოვსკი მოლდოვის ტერიტორიაზე არასასურველ პირად აღიარეს ქვეყანაში უცხოელთა ყოფნის რეჟიმის შესახებ კანონის შესაბამისად.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან არ ჩანს, საიდან „არ დაუშვეს“ იანკოვსკი მოლდოვის ტერიტორიაზე და რომელი ქვეყნის მოქალაქეა.
ასევე ნახეთ "ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც იანკოვსკის შესახებ საჯარო წყაროებით იძებნება, 1969 წელს უკრაინაში დაბადებული იანკოვსკის ოჯახი 1970-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, 70-იანი წლების ბოლოს კი მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში დასახლდა. იანკოვსკის უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჯერ უკრაინის ქალაქ ოდესის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ დნესტრისპირეთის და რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის უნივერსიტეტებში და მოსკოვის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტის ასპირანტიც იყო.
მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში დნესტრისპირეთმა ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ვიტალი იანკოვსკის დე ფაქტო მთავრობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და მთავრობის აპარატის უფროსის.
2008 წლის აგვისტო-ნოემბერში იანკოვსკი ცხინვალში იმყოფებოდა, როგორც „დნესტრისპირეთის მოხალისეთა ავარიულ-სამაშველო რაზმის მეთაური“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ვიტალი იანკოვსკი 2017 წელს დანიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში.
მოლდოვის ამ რეგიონს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს ერთმანეთის „დამოუკიდებლობა“ აქვთ აღიარებული.