„ლელო“ უარს ამბობს სხვა პარტიებთან გაერთიანებაზე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო“ უარს ამბობს სხვა პარტიებთან გაერთიანებაზე. მათი განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ აქამდე არსებული სისტემური ერთობის ფორმატები „შეჩერდა ან ჩაიშალა“, რამაც დააზიანა საზოგადოების ნდობაც.

„ვთვლით რა საჭიროდ პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას, შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ აუცილებლობად, მიგვაჩნია საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც“, - აცხადებენ პარტიაში.

ეს განცხადება ერთგვარი საჯარო პასუხია ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ არასაჯარო მოლაპარაკებაზე, რომლის შესახებაც დეტალები არ არის ცნობილი.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“) გადალახა. არცერთი მათგანი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობდა, თუმცა ერთი („გახარია საქართველოსთვის“) პარლამენტში რამდენიმე თვის შემდეგ შევიდა.

უშუალოდ რომელი პარტიების გაერთიანებაზეა საუბარი, უცნობია - „ლელოში“ მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობენ.