ხატია წერეთელი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

ხატია წერეთელი სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მომღერალი ირმა კურტანიძე, რომელიც საზოგადოებაში ხატია წერეთლის სახელით არის ცნობილი, და მასთან ერთად პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული სხვა ქალები საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში დღეს, 20 თებერვალს, გაფორმდა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, ისინი სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

საპროცესო პირობების შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარებასა და პროკურატურის მიერ წაყენებულ სპეციალურ პირობებზე დათანხმებას ნიშნავს. დეტალების გასარკვევად რადიო თავისუფლება ესაუბრა ხატია წერეთლის ადვოკატს, დიმიტრი ვარდიაშვილს.

მისი სიტყვებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მომღერალი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. დამატებით, მას დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.

სხვა ბრალდებულები

დღეს, 20 თებერვალს, საპროცესო შეთანხმება, ჯამში, 11 ადამიანთან გაფორმდა, მეთორმეტე მსჯავრდადებულთან კი - რამდენიმე თვის წინ.

დაკავებულთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა, ათი - ჩინეთის.

წაყენებული ბრალი

წერეთელი და მასთან ერთად 11 ქალი 2025 წლის 27 აგვისტოს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანს ორ-ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადია პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმა და პროსტიტუციის ხელშეწყობა, თუმცა არა უშუალოდ პროსტიტუცია.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მეორე ნაწილით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

სასამართლო სხდომები

საქმე დახურულ სხდომებზე განიხილებოდა იმის გამო, რომ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებს. ეს მოთხოვნა თავად ადვოკატებმა დააყენეს.

ასევე ნახეთ პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დაკავებულ 12 ქალს პატიმრობა შეეფარდა - სხდომა ადვოკატების მოთხოვნით დაიხურა

რას ამბობდა გამოძიება?

ხატია წერეთლის დაკავების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

„საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ჩინური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ“, - თქვეს შსს-ში.

ამის დასტურად მათ ვიდეოჩანაწერიც გაავრცელეს.