მსახიობები ტოვებენ „ახალ თეატრს“, საიდანაც ჩამოხსნეს აქციებისას დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძის ბანერი

თეატრი დატოვეს კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა

არაერთმა მსახიობმა დატოვა ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ - თეატრი, რომლის მსახიობიც იყო 2024 წლის საპროტესტო დემონსტრაციებისას დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძე და რომლის მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნასაც მიმდინარე კვირაში თეატრში დაპირისპირება მოჰყვა.

თეატრის დატოვების შესახებ ცნობები თავდაპირველად ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს მსახიობებმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა.

„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი“, - ამ მსგავსი ტექსტით ამცნეს მათ საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ.

წამოსულთა შორის ასევე არიან მსახიობები, ტასო ჭანტურაია, დავით ბეშიტაიშვილი, მანუ თავაძე და ლუკა და ირაკლი ჯაფარიძეები.

2025 წელს თეატრს ჩამოაშორეს ხელმძღვანელი, რეჟისორი დავით დოიაშვილი, რომელიც კულტურის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო ტალღის ნაწილი იყო.

ახალი თეატრი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს. შენობის ფასადზე, ცენტრალურ ადგილას, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ გადმოკიდებული ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი.

ხუთშაბათს, 19 თებერვალს, ბანერი ჩამოხსნეს, მსახიობების ცნობით, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის.

ბანერის ჩამოხსნას პროტესტი მოჰყვა, - ჭიჭინაძის კოლეგებმა და მეგობრებმა - მათ შორის მათ, ვინც დღეს თეატრი დატოვეს, - იგი თავიდან აღმართეს და გადმოჰკიდეს ისე, რომ ფასადზე „რუსთავი 2-ის“ პროექტის სარეკლამო ორი ბანერის გვერდით აღმოჩნდა.

მსახიობების ნაწილი ადგილზე რჩებოდა პროტესტის მიზნით, რათა ბანერი კვლავ არ ჩამოეხსნათ, თუმცა ბანერი პარასკევს დილას, 20 თებერვალს მაინც ჩამოხსნეს.

„ვიქირავეთ ეს ფართი, დავგეგმეთ პროექტი, პროექტი ქართულია. თქვენ ხომ ქართულს არ ეწინააღმდეგებით“ - ვიდეოში ისმის, როგორ უთხრა პროექტის წარმომადგენელმა მსახიობებს.

„რუსთავი 2“ წერდა, რომ ტელეარხზე ახალი მუსიკალური შოუ იწყება და ბანერები პროექტის „პრომოს“ გადაღებისთვის არის საჭირო და ჭიჭინაძის ბანერი „დროებით მოხსნეს“.

ბანერზე ანდრო ჭიჭინაძეა გამოსახული და დიდი ასოებით აწერია: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ათობით სხვა დემონსტრატთან ერთად 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ასევე ნახეთ ანდრო ჭიჭინაძე: "ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს"

2025 წლის აპრილში „ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს რეჟისორი დავით დოიაშვილი, - ის ერთ-ერთი იყო, ვინც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.

მისი ხელმძღვანელობით თეატრი, - რომელიც ჭიჭინაძის დაპატიმრების გამო საპროტესტო ტალღაში იყო, - რეგიონებში ჩავიდა და პერფორმანსებით მხარდაჭერა გამოუცხადა აქციებისას დაპატიმრებულებს.

მისი გათავისუფლების მიზეზად დაასახელეს „ვალდებულებების შეუსრულებლობა“.


ასევე ნახეთ „კულტურული საუბრები“ კულტურაზე - რა ეშველება დამოუკიდებელ თეატრს?