რუსეთმა უკრაინაზე მასირებული თავდასხმები მოაწყო. ერთი გარდაცვლილია, ათზე მეტი - დაშავებული

კიევზე თავდასხმის დროს დრონით დაზიანებული სახლი. 22 თებერვალი, 2026 წელი

22 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული დარტყმა განახორციელა დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.

კიევის რეგიონში, რეგიონული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა ნამსხვრევებით და 15 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ფასტივის რაიონში ნანგრევებიდან რვა ადამიანი ამოიყვანეს.



დაშავებულები ასევე არიან ბორისპოლის, ვიშგოროდის, ობუხივისა და ბუჩის რაიონებში. მათ აქვთ “ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები, მოტეხილობები, კვამლის შესუნთქვა და მწვავე სტრესული რეაქციები“, - ნათქვამია განცხადებაში.


კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს დაშავებული ქალი და ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი თავდასხმის შედეგად კერძო სახლში ჭერის ჩამონგრევა იყო. ასევე დაზიანდა სვიატოშინსკის რაიონში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ღამით რუსეთის არმიამ დაბომბა ოდესის რეგიონიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რუსეთის ძალებმა რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და ფართომასშტაბიანი ხანძრები გამოიწვია.

საერთო ჯამში, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის მიმართულებით 297 დრონი და 50 რაკეტა გაუშვეს. წინასწარი მონაცემებით, 33 რაკეტა და 274 დრონი გაანეიტრალეს.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამით განხორციელებული თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკის სექტორი იყო.

„მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად დარტყმებში ინვესტირებას აგრძელებს. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი დრონი, 1400-ზე მეტი მართვადი ბომბი და 96 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ათობით ბალისტიკური რაკეტა, გაუშვა“, - წერს ზელენსკი.