ჯარისკაცებმა მექსიკაში მოკლეს ნარკოკარტელის თავკაცი

მექსიკელი გვარდიელები მეხიკოში ორგანიზებული დანაშაულის საგანგებო პროკურატურის შენობას იცავენ. 22 თებერვალი, 2026 წელი

22 თებერვალს მექსიკამ დაადასტურა, რომ ჯარისკაცებმა მოკლეს ერთ-ერთი ნარკოკარტელის გავლენიანი თავკაცი, რომელიც იყო ძებნილი ამ ქვეყანაში და შეერთებულ შტატებში.

“ხალისკოს ახალი თაობის კარტელის” (Jalisco New Generation Cartel) 59 წლის ლიდერი ნემესიო ოსეგერა (იგივე ელ მენჩო) ტაპალპაში ჯარისკაცებთან შეტაკების დროს დაიჭრა და მეხიკოში გადაყვანისას გარდაიცვალა, ნათქვამია არმიის განცხადებაში.
მისი დაკავებისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო იყო დაწესებული.

ოსეგერა სინალოას კარტელის დამფუძნებლების, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუზმანის და ისმაელ ზამბადას დაკავების შემდეგ ნარკოდანაშაულის ჩადენაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მექსიკელი ეჭვმიტანილია. ორივე ამჟამად შეერთებულ შტატებში იხდის სასჯელს.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მექსიკის სამხედრო დაზვერვის გარდა, რეიდი აშშ-ის
ხელისუფლების „დამატებითი ინფორმაციით“ განხორციელდა.

ნათქვამია, რომ ოსეგერას გარდა, კარტელის ექვსი ეჭვმიტანილი წევრი მოკლეს. სროლისას სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კარტელის ორი ეჭვმიტანილი დააკავეს და ჩამოართვეს სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის რაკეტმტყორცნები, რომლებსაც თვითმფრინავების ჩამოგდება და ჯავშანტექნიკის განადგურება შეუძლიათ.

მანამდე, შეიარაღებულმა პირებმა დასავლეთის შტატ ხალისკოში მსუბუქ და სატვირთო მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და გზები გადაკეტეს, რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციის საპასუხოდ.

ძალადობა გავრცელდა მეზობელ შტატ მიჩოაკანში, სადაც ასევე მოქმედებს ოსეგერას კარტელი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მისი კარტელი 2009 წელს ჩამოყალიბდა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ ორგანიზაციად იქცა.

აშშ-მა ხალისკოს კარტელი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მას აშშ-ში კოკაინის, ჰეროინის, მეტამფეტამინისა და ფენტანილის შეტანაში ადანაშაულებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ მიესალმა ოპერაციას და ოსეგერას „ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და დაუნდობელი ნარკოდილერი“ უწოდა.

„ეს შესანიშნავი ამბავია მექსიკისთვის, აშშ-სთვის, ლათინური ამერიკისა და მსოფლიოსთვის. კარგი ბიჭები ცუდ ბიჭებზე ძლიერები არიან“, - დასძინა მან.

რეიდი განხორციელდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მექსიკის მიმართ მოთხოვნით, შეჩერდეს აშშ-ში ნარკოტიკების, განსაკუთრებით ფენტანილის შედინება.