ოლქის გუბერნატორ ვასილი ანოხინის მიერ სოციალური ქსელებით 25 თებერვალს დღისით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ დოროგობუჟში მდებარე „სამოქალაქო მშვიდობიან საწარმოზე“ დარტყმის შედეგად 4 თანამშრომელი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
- საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ქარხანა, რომელსაც ქალაქის სახელი „დოროგობუჟი" ჰქვია, სასუქებს და აზოტის შენაერთებს აწარმოებს და მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიების ჯგუფის, „აკრონის" შემადგენლობაშია.
სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით შეტევა გასულ ღამით იყო, ხანძრის კერები ამჟამად ლოკალიზებულია, მოსახლეობისთვის შესაძლო საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად კი განიხილება ახლომდებარე დასახლებული პუნქტის მცხოვრებთა ევაკუაციის საკითხი.
უკრაინას რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე საწარმოზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ უკრაინის ელჩმა აშშ-ში „დემარში მიიღო“ რუსეთის ნოვოროსიისკზე უკრაინის დარტყმის გამო- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
24 თებერვალს ღამით, რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაინგრა ერთი სახლი, ერთი კი დაზიანდა.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები ისევ უტევდნენ უკრაინის ენერგოობიექტებს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 25 თებერვლის დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ენერგომომარაგების გარეშეა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის ხერსონის და ხარკოვის ოლქების ნაწილი.