რადიო თავისუფლების (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება

იხურება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები. ისინი საქმიანობას 2026 წლის 31 მარტიდან შეწყვეტენ. მიზეზი საბიუჯეტო სირთულეებია.

ეს ორი რედაქცია თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა შეწყდა 2004 წელს, მას შემდეგ, რაც რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები გახდნენ. 2019 წელს ორივე რედაქციის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ამაყობს პრინციპული და დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც ბულგარული და რუმინული სამსახურები ეწეოდნენ და მადლობას უხდის თავიანთი აუდიტორიებისადმი ერთგულებისთვის.

ამ სამსახურების ჟურნალისტების მიერ შექმნილი მასალები ონლაინ-სივრცეში დარჩება.

ასევე ნახეთ დაიხურა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) უნგრული სამსახური
  • RFE/RL-ს ფინანსური პრობლემები შეექმნა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ.
  • აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ(USAGM), რომელიც მეთვალყურეობას უწევს RFE/RL-ს საქმიანობას, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა.
  • USAGM-ის გადაწყვეტილებით 2025 წლის ნოემბერში დაიხურა RFE/RL-ს უნგრული სამსახური.
  • რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების 2026 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 20%-ზე მეტითაა შემცირებული.

RFE/RL კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიაა, რომელიც ოცზე მეტ ენაზე საქმიანობს. ფინანსდება აშშ-ის კონგრესის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი თანხით. მედიაკორპორაციის წესდებით აკრძალულია სარედაქციო საქმიანობაში ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა.