ვიქტორ ორბანმა ღია წერილი მისწერა ვოლოდიმირ ზელენსკის

ვიქტორ ორბანი. ბუდაპეშტი, 5 იანვარი, 2006.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ღია წერილი მისწერა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

მან ფეისბუკში დაწერა შეტყობინება, რომელშიც მოითხოვა, განახლდეს მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობა. უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ეს მილსადენი მთავარი მარშრუტია, რომლითაც უნგრეთი და სლოვაკეთი იღებენ ნავთობს რუსეთიდან.

წერილში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტს „არ სურს სამხედრო მოქმედებების დაფინანსება და ენერგიისთვის მეტის გადახდა“.

„ოთხი წელია, თქვენ ვერ ახერხებთ უნგრეთის მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციის მიღებას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით <...> ვწუხვართ უკრაინელი ხალხის გამო, მაგრამ არ გვინდა ომში მონაწილეობა. <...> მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ მილსადენი „დრუჟბა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შემდგომი თავდასხმებისგან“, წერს ორბანი.

„დრუჟბის“ მეშვეობით რუსეთის ნავთობის უნგრეთსა და სლოვაკეთში მიწოდება 27 იანვარს შეწყდა. უკრაინის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ამის მიზეზია მილსადენის მოწყობილობის დაზიანება ლვოვის ოლქში რუსეთის დარტყმების შედეგად.

გარდა ამისა, კიევი ამტკიცებს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვების გაგრძელება ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაფინანსებას.

საპასუხოდ 23 თებერვალს უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო სესხი. უნგრეთი მიიჩნევს, რომ კიევი მილსადენის მუშაობას პოლიტიკური მიზეზების გამო არ აღადგენს და რომ „დრუჟბის“ მილსადენზე (13, 18 და 22 აგვისტოს) დარტყმების პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინული ქვედანაყოფის მეთაურს, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

„უკრაინელები გვაშანტაჟებენ. ისინი ბრიუსელს შეუთანხმდნენ და უნგრეთის ოპოზიციასთან გააერთიანეს ძალისხმევა, რათა საფრთხე შეუქმნან უნგრეთის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებას და საერთოდ უნგრეთის უსაფრთხოებას,“ განმარტა ქვეყნის გადაწყვეტილება უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ.

23 თებერვალს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს მილსადენ „დრუჟბის“ აღდგენამდე.

ასევე ნახეთ ომი, ნავთობი და „მეგობრობა“ - უკრაინისგან "დრუჟბის" შეკეთებას ითხოვენ