- უკრაინამ, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სამმხრივი მოლაპარაკებები 2026 წლის იანვრიდან დაიწყეს.
- პირველი ორი რაუნდი იანვრის მეორე ნახევარში და თებერვლის დასაწყისში გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, მესამე კი - 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
ამერიკელებთან ჟენევაში ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, 26 თებერვალს ღამით უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მოლაპარაკების შემდეგ ის და პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან ერთად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ შეხვედრის შედეგებსა და შემდგომ ნაბიჯებზე.
უმეროვის თანახმად, მზადდება სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, მუშაობენ უსაფრთხოების პარამეტრების, ეკონომიკური გადაწყვეტილებების და შეჯერებული პოზიციების „ფინალიზაციაზე“, რაც საფუძვლად უნდა დაედოს მომავალ შეთანხმებებს.
უმეროვის განცხადებით, ამოცანაა, რომ უკრაინა-აშშ-რუსეთის მომდევნო შეხვედრა „მაქსიმალურად საგნობრივი იყოს“.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამერიკულ მხარესთან ჟენევაში 26 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად დაამუშავეს დოკუმენტი უკრაინის აღდგენის შესახებ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა-აშშ-რუსეთის მომდევნო შეხვედრა, დიდი ალბათობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართება. უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ შეხვედრა მარტის დასაწყისში შედგება. ზელენსკიმ ისევ გაიმეორა, რომ საჭიროა ლიდერთა დონეზე შეხვედრის მომზადება.
- უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთის უმთავრესი პირობაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და უკრაინის ჯარების გასვლა რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც კიევი აკონტროლებს.
- უკრაინა ამ მოთხოვნას არ ეთანხმება. კიევის წინადადებაა საბრძოლო მოქმედების დღეს არსებულ შეხების ხაზზე შეწყვეტა.
- აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში დემილიტარიზებული, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.
რუსეთი ჟენევაში
26 თებერვალს ჟენევაში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხოეთის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევიც. გასულ თვეებში ის პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფს და კუშნერს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არაერთხელ შეხვდა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით 25 თებერვალს წერდა, რომ დმიტრიევი 26 თებერვალს ამერიკულ მხარეს ჟენევაში შეხვდებოდა „ეკონომიკურ ტრეკზე“ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
26 თებერვალს, საღამოს რვა საათისთვის „ტასის“ კორესპონდენტი ჟენევიდან იუწყებოდა, რომ დმიტრიევი მივიდა სასტუმრო Four Seasons-ში, სადაც აშშ-ის და უკრაინის ორმხრივი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მოგვიანებით „ტასმა“ დაწერა, რომ დმიტრიევმა სასტუმრო ორ საათში დატოვა და მოლაპარაკების შესახებ კომენტარზე უარი თქვა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში 26 თებერვალს დღისით გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ზუსტად ვერ იტყვის ის(დმიტრიევი) ჟენევაშია თუ არა".
ასევე ნახეთ გაეროში რუსეთის ელჩმა გამოაცხადა, რომ „უკრაინელია” - „არ ხართ", უპასუხა უკრაინის ელჩმა