რუსეთში "დისკრედიტაციისთვის" დააჯარიმეს საქველმოქმედო ფონდის, "სახლი შუქურით" ხელმძღვანელი ლიდია მონიავა

ლიდია მონიავა

მოსკოვის სასამართლომ 45 ათასი რუბლის (დაახლოებით 580 ამერიკული დოლარი) ოდენობის ჯარიმა დაუწესა საქველმოქმედო ფონდისა და ბავშვთა ჰოსპისის, "სახლი შუქურით" ხელმძღვანელს, ლიდია მონიავას, ადმინისტრაციული მუხლით, რომელიც ეხება არმიის ე.წ. დისკრედიტაციას. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა "მედიაზონა".

იუწყებიან, რომ სასამართლო სხდომას არც მონიავა და არც მისი ადვოკატი არ დასწრებიან.

პროტოკოლის შედგენის საბაბი გახდა მონიავას მიერ ტელეგრამის არხით გამოქვეყნებული სამი პოსტი. ერთ-ერთი მათგანია 2025 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებული ბმული The Moscow Times-ის მასალაზე "საშობაო მიმართვა მეგობრებს", რომელიც მიემართებოდა ემიგრაციაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს. "უკვე სამი წელია, გრძელდება საზარელი ომი, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ გააჩაღა. ამან უკრაინის ხალხს უსაზღვრო ტანჯვა მიაყენა და ღრმად დაასნეულა თავად რუსეთიც", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

2025 წლის 6 აპრილს მონიავამ დაწერა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულ ბავშვებზე, ამავე წლის 13 აპრილს იგი შეეხო ოჯახის დაღუპვას ქალაქ სუმიში, რუსეთის არმიის იერიშის შედეგად. "როცა ახალ ამბებს კითხულობ, შეუძლებელია არ წარმოიდგინო, რომ დღეს რაკეტა ჩემს ნოვოსლობოდსკის ქუჩაზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსს მოხვდა", - წერდა მონიავა.

პროტოკოლის შესახებ იანვარში გახდა ცნობილი, მაშინ მონიავა აცხადებდა, რომ "სახლი შუქურით" ჩვეულებრივად განაგრძობდა მუშაობას.

მონიავა თანადამფუძნებელია მოსკოვში მოქმედი საბავშვო ჰოსპისისა "სახლი შუქურით", ხოლო 2018 წელს ხელმძღვანელობდა ამავე სახელის საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მძიმედ დაავადებულ ბავშვებს და ახალგაზრდებს პალიატიური და სარეაბილიტაციო დახმარების მიღებაში ეხმარება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მონიავამ დააარსა ცალკე მოქმედი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც უკრაინიდან, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით წასულ ხალხს ეხმარებოდა. ამ ფონდმა 2025 წლის სექტემბერში შეწყვიტა მუშაობა.

ასევე ნახეთ რუსეთში უკრაინის მოქალაქე დააჯარიმეს "უცხოეთის აგენტის" ვიდეოს მოწონებისთვის