თბილისის მერია 4 მარტს გავრცელებული განცხადებით განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია „უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით“.
მერია ციტირებს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას, რომლის თანახმადაც, „თოვლის სქელმა საფარმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია“.
თოვლი თბილისში
27-28 თებერვალს თბილისსა და შემოგარენში მოთოვა. თოვლის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია.
თუმცა თოვლის სიმძიმის გამო ბევრგან ხეები გადატყდა.
ქალაქში დაზიანდა ავტომობილები, ასევე დენის კაბელები.
ბოტანიკური ბაღი თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით მდებარეობს, - რამდენიმე ათეული მეტრით მაღლა, ვიდრე დანარჩენი ქალაქი. იგი სოლოლაკის ქედსა და თაბორის ქედის კლდეებს შორისაა მოქცეული.
რა დაზიანდა?
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ თავდაპირველად 28 თებერვალს დაწერა, რომ „უხვი ნალექისა და ძლიერი თოვლის შედეგად დაზიანდა რიგი უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები“.
ასევე დაწერა, რომ „სტიქიურმა მოვლენამ ბაღის ინფრასტრუქტურასა და კოლექციებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“.
არც ადმინისტრაციას და არც მერიას კონკრეტული დაზიანებული ექსპონატები არ დაუსახელებია.
ბაღის და მერიის გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სხვადასხვა ზომის როგორც მარადმწვანე, ისე ფოთოლმცვენი ხეები.
მერიის ცნობით, „დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს“.
ახლა ბაღს წმენდენ, ზიანს ითვლიან
ბოტანიკური ბაღი 5 მარტამდე დაიკეტა ვიზიტორებისათვის.
4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ახლა უკვე თბილისის მერია წერს, რომ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის თანახმად, „სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი დრო და რესურსი იქნება საჭირო“.
მერია ბაღის დროებით დახურვას უწოდებს „პრევენციულ გადაწყვეტილებას“, რომელიც „მიზნად ისახავს უსაფრთხოების სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებას“.
მათივე განცხადებით, ბაღის ადმინისტრაცია და „შესაბამისი სამსახურები“ მუშაობენ, რათა ტერიტორია გაწმინდონ და რისკები შეაფასონ.
შესწორება: ინფორმაცია განახლდა ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებისთვის გახსნის თარიღით.