პუტინმა მოჯთაბა ხამენეის მიულოცა ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოჯთაბა ხამენეის მიულოცა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა და თეირანს მოსკოვის „უცვლელი მხარდაჭერა“ დაუდასტურა.

  • ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე დღეს მოკლეს.
  • 8 მარტს თეირანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალ უზენაეს ლიდერად არჩეულია ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი.

რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც კრემლის საიტზე დღეს, 9 მარტს გამოქვეყნდა, პუტინი მოჯთაბა ხამენეის მიმართავს, რომ დღეს, როცა ირანი „წინააღმდეგობას უწევს შეიარაღებულ აგრესიას“, მის საქმიანობას დასჭირდება „დიდი ვაჟკაცობა და თავდადება“.

პუტინს იმედი აქვს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მამის საქმეს გააგრძელებს და ირანელ ხალხს გააერთიანებს.

„მსურს დაგიდასტუროთ თეირანისადმი ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა და ირანელი მეგობრებისადმი სოლიდარობა. რუსეთი იყო და იქნება ისლამური რესპუბლიკის საიმედო პარტნიორი“, - ნათქვამია პუტინის წერილში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2022 წლის ივლისში იმყოფებოდა თეირანში, სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა

ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ პუტინი ირანის მხარდასაჭერად ფრთხილ განცხადებებს ამჯობინებდა.

პოლიტიკის ანალიტიკოსები წერდნენ, რომ პუტინს აშკარად არ სურდა პრეზიდენტ ტრამპის გაღიზიანება მიუხედავად იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეის სახით მოკავშირე დაკარგა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთის აქტიური მხარდამჭერია უკრაინის წინააღმდეგ ომში და მას იარაღითაც ამარაგებდა.

ასევე ნახეთ

"თუკი ტრამპს ყველაფერი გამოსდის..." - რა აშინებს მოსკოვს, ირანში აშშ-სა და ისრაელის მასშტაბური საბრძოლო ოპერაციის დაწყების შემდეგ

ასევე ნახეთ

ზელენსკი: უკრაინამ დრონების სპეციალისტები გაგზავნა იორდანიაში ამერიკული ბაზების დასაცავად