ეს ინფორმაცია ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" აცნობა გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიამ, რომელიც იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში ჩადენილ დარღვევებს.
კომისიამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიშიც, რომელშიც დეტალურად აღწერს შარშან ჩატარებული გამოძიების შედეგებს.
უკრაინის მონაცემებით, 2022 წელს იქ მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა გაიყვანა 20 ათასამდე უკრაინელი ბავშვი, მათ შორის ობლები და ბავშვთა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების აღსაზრდელები. ამ დროის განმავლობაში კიევმა შუამავლების მეშვეობით 2 ათასზე ცოტა მეტი ბავშვის დაბრუნება მოახერხა.
კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება განზრახ და სისტემატურად არ ასაჯაროებს ინფორმაციას ბავშვების ადგილსამყოფლის შესახებ - მათ ბავშვთა სახლებში ანაწილებენ და მიმღებ ოჯახებში გადაჰყავთ.
არის შემთხვევები, როცა ბავშვების აყვანას რუსი ოჯახები ცდილობენ, იმის მიუხედავად, რომ უკრაინელ ბავშვებს სამშობლოში ნათესავები ჰყავთ. კომისიის თანახმად, ეს უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს - ბავშვთა იძულებით გაუჩინარებას.
ამასთან, უკრაინის და შუამავალი სახელმწიფოების ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი ამ წლების განმავლობაში აჭიანურებს ბავშვთა რეპატრიაციის პროცესს. გაეროს საერთაშორისო კომისია ამას უწოდებს ომის დანაშაულს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ გადაადგილებულ უკრაინელ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას აძლევენ და მათ მონაცემებს გაშვილების პორტალებზე განათავსებენ.
რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბავშვების "ევაკუაცია" მოახდინა საომარი მოქმედებებიდან. გაეროს კომისია ამბობს, რომ ომის დროს ევაკუაცია დასაშვებია, მაგრამ ეს უნდა იყოს დროებითი ზომა და ბავშვები სამშობლოში რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ.
2023 წლის გაზაფხულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ორდერები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებაზე, უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ ეკატერინა შულმანი რუსებსა და ომზე: „ნორმალურობის ილუზიის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება“ ასევე ნახეთ უკრაინული დუეტი იწყებს საკონცერტო ტურნეს - „მოპარული ბავშვები“