მარტა კოსი: საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს

მარტა კოსის სიტყვებით, ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ ევროკავშირის წევრობა, უნდა იყვნენ მდგრადები რუსული და სხვა ჩარავების დროს.

ევროკავშირის კომისიარი მარტა კოსი ამბობს, რომ ევროკავშირის „გაფართოება დღეს არის იმაზე მეტი, ვიდრე გაფართოება. გაფართოება დღეს არის უსაფრთხოება, მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა“. ამის შესახებ მან ისაუბრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოზეც.

„საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა ახშობს დემოკრატიულ ხმებს.

მათ ახლახანს წინ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს იმ ევროპულ მომავალს, რომელიც ხალხის უმრავლესობას სურს.

ისინი [არსებული ხელისუფლება] კი საკუთარ ხალხს ატყუებენ, თითქოს, ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ“, - თქვა მან.

მისი სიტყვებით, ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ ევროკავშირის წევრობა უნდა იყვნენ მდგრადები რუსული და სხვა ჩარავების დროს.

რა ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონებში?

„ქართული ოცნება“ თითქმის ორი წელია მუდმივად ამკაცრებს კანონებს, რომლებიც ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას ართულებს, ასევე ზღუდავს პროტესტს.

მათ შორის, გასულ კვირას, 4 მარტს სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, მესამე ანუ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონები, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა გრანტების შესახებ კანონი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.

ასევე ნახეთ გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“

რა წერია ბოლო პერიოდში გამკაცრებულ გრანტების შესახებ კანონში?

  • საქართველოში დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში;
  • ასევე, თუ კანონის ამოქმედებამდე ორგანიზაციას მანამდე მიღებული გრანტი არ აქვს დახარჯული, მას მაინც სჭირდება იმავე ტიპის თანხმობა.
  • სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-დან 500 საათამდე ანდა პატიმრობა 6-დან 9 წლამდე.
ასევე ნახეთ „ოცნება“ უცხოური დაფინანსების შემზღუდავი კანონების გამკაცრებას აანონსებს - ყველა დეტალი ერთად

რას ნიშნავს ახალი კანონით ხელისუფლების არაღიარება?

კანონის მიხედვით, მოქმედი ხელისუფლების არაღიარება დაისჯება სისხლის სამართლის წესით.

სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი იმ მოწოდებებისთვის, რომელიც მიმართულია:

  • „საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
  • საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ“,

თუკი ეს მოწოდებები კეთდება „სისტემატურად“ და „საჯაროდ“.

ასევე ნახეთ 3 წლამდე პატიმრობა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარებისთვის“ და „დამამძიმებელი გარემოება“ - „ოცნებამ“ მორიგი შეზღუდვები წარადგინა