„გუშინ რაც მოვისმინეთ, შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი. ინტონაციითაც და ტონალობითაც, მათ ვისაც ახსოვს, გაახსენდებოდათ 1989 წლის მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატ ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებიდან წარმოდგენილი დეპუტატები...
ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი და ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაშიც უკანაც...
ეს არის სამარცხვინო, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
დებატები ევროპარლამენტში
გუშინ, 11 მარტს, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, რეზოლუციის პროექტს კი კენჭს უკვე დღეს, 12 მარტს, უყრიან. რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა რასა იუკნევიჩიანემ გამოსვლის დასაწყისშივე განაცხადა:
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია. ეს არ არის სიმართლე. დიახ, დღეს საქართველოს ხალხი განიცდის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს თავის უახლეს ისტორიაში, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული“.
დებატების დროს ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ ევროკავშირის „სირცხვილია, რომ საქართველოს სანქციებს ვუწესებთ რუსეთის დახმარების გამო და არა დემოკრატების დაპატიმრების გამო“.
ევროპარლამენტში 11 მარტს გამართული დებატები საქართველოზე დაასრულა ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დებატებზე წარმოადგენდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოზიციას:
„ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, როგორც ბევრმა თქვენგანმა აღნიშნა, კვლავაც უარესდება.
საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა განზრახ მიჰყავს ავტოკრატიისკენ და შლიან ადამიანის ძირითად უფლებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს“.
ასევე ნახეთ დებატები ევროპარლამენტში - "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში"რეზოლუციის პროექტი
რეზოლუციის ტექსტზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფია შეთანხმებული. რეზოლუცია ფოკუსირებულია ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიაზე (პარტია „დროა“, რომელიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ნაწილია), რომელიც 2025 წლის 15 სექტემბრიდანაა პატიმრობაში და ოთხი სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, თუმცა მასთან ერთად სხვა არაერთ პოლიტიკოსს უწოდებს „პოლიტიკურ პატიმარს“.
რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეჯერდნენ პოლიტიკური ჯგუფები:
- „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D);
- „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფი (ECR);
- „განაახლე ევროპა“ (Renew);
- „მწვანეები“/„ევროპული თავისუფალი ალიანსი“ (Greens/EFA);
- „მემარცხენე ჯგუფი“ (the Left Group).
დოკუმენტი „მკაცრად გმობს ოპოზიციისა და აქტივისტების დევნას“ და მოითხოვს ელენე ხოშტარიას და სხვა დაკავებულთა „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“.
ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი კიდევ მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი ფინანსური სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე“.
ასევე ნახეთ "რა უნდა დაგემართოს უკეთესი რუსებთან ბრძოლაში?" - ელენე ხოშტარიას ინტერვიუ ციხიდანხოშტარია ხელისუფლებაში მყოფი პარტიის, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წინასაარჩევნო პლაკატზე მარკერით დატოვებული წარწერის გამო 2025 წლის 15 სექტემბრის შემდეგ პატიმრობაშია.
დაკავებიდან ორ თვეში, 6 დეკემბერს, მას კიდევ სამი მუხლით წაუყენეს ბრალი: საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მხარდაჭერა.