23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი დაესხა თავს

Your browser doesn’t support HTML5

მოკლედ

  • 12 მარტის ღამეს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი გაჩნდა - მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. მეზღვაურები ამბობენ, რომ ეს იყო ტერაქტი და გარდა ნავებით ტანკერებთან მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს.
  • ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
  • თავდასხმის სამიზნე ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა - ამ გემზე, ჯამში, 23 ქართველი მეზღვაური იყო.
ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გადარჩენილები უკვე ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. თავდასხმის შედეგად დადასტურებულია ერთი მეზღვაურის დაღუპვა - მისი ვინაობა და ეროვნება გავრცელებულ ცნობებში არ კონკრეტდება.

"მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: "ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით" და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე - ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები", - უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაურ ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.

ის ამბობს, რომ მისი ქმარი ამ გემზე უკვე 6 თვეა მუშაობს და რომ არა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, ის 10 მარტს საქართველოში უნდა ყოფილიყო.

მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zefyros-ს, სავარაუდოდ, ირანული საწვავი გადაჰქონდა.

კიდევ ერთი ხომალდი, რომელსაც ირანის თავდასხმის შემდეგ გაუჩნდა ხანძარი და დაიწვა, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი Safesea Vishnu-ა. სავარაუდოდ, სწორედ მის ეკიპაჟშია გარდაცვლილი.

ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ტანკერებიდან გადარჩენილია 38 მეზღვაური.

ასევე ნახეთ ქართველი მეზღვაურები “ჩრდილოვან ფლოტში” - ვინ იცავს მათ რუსული სპეცსამსახურებისა თუ ამერიკული სასაზღვრო ძალებისგან?

რადიო თავისუფლება ქართველი მეზღვაურების შესახებ კითხვით დაუკავშირდა როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს. გვაინტერესებდა, რა იციან გადარჩენილი მეზღვაურების შესახებ და როგორ დაეხმარებიან მათ სამშობლოში დაბრუნებაში. ორივე სახელმწიფო უწყებამ გვითხრა, რომ "ამ საკითხს მოიკითხავენ". პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ასევე ნახეთ ირანმა პასუხისმგებლობა აიღო ერაყის წყლებში ტანკერებზე თავდასხმაზე - მედია
ასევე ნახეთ აპირებს თუ არა აშშ ირანის კუნძულ ხარქის დაკავებას?
ასევე ნახეთ “აშშ-სთვის მისაღებია ირანი, რომელიც ამერიკის ორბიტაზე იმოძრავებს” – პოლკოვნიკი მაილს კაგინსი