UNICEF: 1100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაიჭრა ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან

გაეროს ბავშვთა ფონდი(UNICEF) ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს მიმართავს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებიდან ათი დღის განმავლობაში დაიღუპა და დაიჭრა 1100-ზე მეტი ბავშვი. ეს მონაცემები 11 მარტს გამოაქვეყნა გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF).

28 თებერვლიდან გავრცელებული ცნობებით:

  • 200 ბავშვი დაიღუპა ირანში;
  • 91 - ლიბანში;
  • 4 - ისრაელში.
  • 1 - ქუვეითში.

28 თებერვლიდან აშშ და ისრაელი მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებენ ირანის წინააღმდეგ. ირანი ისრაელს და სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს უტევს. შეიარაღებული დაპირისპირებაა ისრაელსა და ლიბანში ირანის მხარდამჭერ ჰეზბოლას შორისაც.

UNICEF-ის განცხადებით, რეგიონში მილიონობით ბავშვისთვის სიტუაცია კატასტროფული ხდება. დაბომბვების გამო უკვე ასეულობით ათასი ბავშვი იძულებული გახდა თავისი სახლი დაეტოვებინა. ბავშვები ვეღარ დადიან სკოლაში. კონფლიქტის მხარეების მიერ განადგურებული ან დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები და სხვა, რაზეც ბავშვების გადარჩენაა დამოკიდებული.

UNICEF-ის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტების დროს ბავშვთა უფლებების სერიოზული დარღვევები შესაძლოა, შეფასდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად.

გაეროს ბავშვთა ფონდი კონფლიქტის მხარეებს მიმართავს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყონ.