რომეო მიქაუტაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

რომეო მიქაუტაძე

საპატიმროში მყოფი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. მისი სიტყვებით, მზად არის „არარსებული დანაშაული“ აღიაროს და „არარსებული ზიანი“ აანაზღაუროს. ამის შესახებ მან დღევანდელ, 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

„მივმართე ერთი კვირის წინ პროკურატურას საპროცესო გარიგებისთვის, არარსებული დანაშაულის აღიარების და არარსებული ზიანის ანაზღაურების მზადყოფნით, რაც მთელი ოჯახის გადაწყვეტილებაა, რომ იქნებ ერთად ვიზეიმოთ ეს ბედნიერება, რაც რამდენიმე თვეში გველოდება“, - „ფორმულის“ ინფორმაციით, ეს განცხადება გააკეთა მიქაუტაძემ სხდომაზე.

მისი ციტატის სიზუსტეს რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს მისი ადვოკატი, ბექა ნემსიწვერაძე. ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროკურატურიდან პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ. რადიო თავისუფლებამ სცადა უწყების პრესსამსახურთან დაკავშირება. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ბექა ნემსიწვერაძე (ადვოკატი) და რომეო მიქაუტაძე (მარჯვნივ)

წაყენებული ბრალი

რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. პროკურატურის ცნობით, შვიდი წლის განმავლობაში, 2017 წლიდან 2024 წლამდე, სხვადასხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობისას, იგი სისტემატურად არღვევდა კანონს, თანაც არაერთს.

გამოძიების მტკიცებით, რომეო მიქაუტაძემ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლი დაარღვია, მათგან სამი სამოხელეო დანაშაულის თავშია მოქცეული. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 333-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა;
  • 332-ე მუხლის მეორე ნაწილი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;
  • 337-ე მუხლი - მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობა და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვება მფარველობის გზით;
  • 194-ე მუხლის მესამე ნაწილის, "გ" ქვეპუნქტი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბრალდება იმდენად მასშტაბურია, რომ მოწმეებს შორის ბიზნესპარტნიორებისა და ყოფილი თანამშრომლების გარდა, ოჯახის წევრებიც არიან. პროკურატურამ 100-ზე მეტი მოწმე გამოჰკითხა, რომეო მიქაუტაძის უკანონო შემოსავალი კი, ამავე უწყების დათვლით, 8 მილიონ 499 392 ლარია.

მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ მინისტრის მოადგილის საქმე: 9 ბრალდება, 8,5 მილიონი გათეთრებული ლარი და 117 მოწმე

ყოფილი მაღალჩინოსანი 2025 წლის 21 ივნისს სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. იმ მომენტისთვის უკვე ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა აღარ ეკავა. მას შემდეგ იგი ე.წ. წინასწარ პატიმრობაშია.