საია კრიზისულ რეჟიმზე გადადის

თამარ ონიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ასოციაციის სხვა წარმომადგენლები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დროებით კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე გადადის და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით განაგრძობს.

„ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში“, - წერს ორგანიზაცია და იქვე განმარტავს, რომ 2024 წლიდან მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად შეავიწროვა უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე, რამაც გავლენა საია-ს საქმიანობაზეც მოახდინა.

საიამ, რომელიც უკვე 31 წელზე მეტია საქართველოში ადამიანების უფლებებს იცავს, შეზღუდვების გამო არაერთი პროგრამა შეაჩერა, მათ შორის, მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარების პროგრამები.

ამ პროგრამით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფასო სამართლებრივ დახმარებას ადამიანებს საქართველოს 9 რეგიონში უწევდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, დუშეთში, რუსთავსა და თელავში. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად, ათასობით მოქალაქემ შეძლო საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლო ორგანოებში.

„რეპრესიულმა გარემომ სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა, სრულად შეეწყვიტა ან მკვეთრად შეემცირებინა საქმიანობა, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნის რეალურმა რისკმა მათ მუშაობაზე მუდმივი ზეწოლის რეჟიმი დაამკვიდრა“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ პროგრამების შეჩერება იმას ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქე ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც წლიურად ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და საპროცესო წარმომადგენლობით იღებდა.

„საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას.“- ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

ასევე ნახეთ საია სიახლეებზე იუწყება სტრასბურგში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილ საქმეში
ასევე ნახეთ საია FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

2025 წლის 1 აპრილს „ქართულის ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, თუმცა ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, იგი მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო - დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.