გარდა ამისა, მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უახლოეს დღეებში ისრაელი ლიბანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გეგმავს. „პასუხი ორივე კითხვაზე არის არა“, განაცხადა საარმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 15 მარტს.
გუშინ ამერიკულმა საინფორმაციო პორტალმა Semafor-მა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ისრაელმა ვაშინგტონს აცნობა „კრიტიკული“ დეფიციტის შესახებ ბალისტიკური რაკეტების ჩამჭერების მარაგში.
თავის მხრივ, ისრაელის გაზეთი Haaretz-ი 14 მარტს წერდა, რომ ისრაელი და ლიბანი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. საარმა, ამ ცნობების უარყოფისას, აღნიშნა: „თუ ლიბანის მთავრობა და ლიბანის არმია რაიმეს შეცვლას აპირებენ, მათ უნდა გადადგან ნაბიჯები საიმისოდ, რომ ლიბანის ტერიტორიიდან შეწყდეს ჰეზბოლას მხრიდან თავდასხმები“.
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოინახულა ბედუინური სოფელი ზარზირი, რომელზეც 13 მარტს ირანის სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამ თავდასხმის შედეგად 58 ადამიანი დაიჭრა.
28 თებერვალს აშშ-მა ისრაელთან ერთად დაიწყო სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. დარტყმების შედეგად მოკლეს ქვეყნის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და დაზიანდა ქვეყნის სამხედრო და ბირთვული ობიექტები. საპასუხოდ ირანი თავს ესხმის აშშ-ის ბაზებსა და ვაშინგტონის მოკავშირეების ინფრასტრუქტურას სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
მას შემდეგ, რაც ლიბანური რადიკალური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ 2 მარტს ირანის მხარეს ჩაერთო ომში და ისრაელს რაკეტებითა და დრონებით შეუტია, ისრაელის არმიამაც განახორციელა დარტყმები ლიბანის სამხრეთზე და ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე, სადაც მოძრაობის ინფრასტრუქტურაა განთავსებული.
15 მარტს ჰეზბოლამ, რომელიც ირანის მიერ ფინანსდება, განაცხადა ისრაელის არმიასთან „პირდაპირ“ შეიარაღებულ შეტაკებებზე ლიბანის სამხრეთში.
ასევე ნახეთ ჰეზბოლა სამხრეთ ლიბანში ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლების შესახებ იტყობინება