ზელენსკი: არასასიკეთო წინათგრძნობა მაქვს უკრაინაში სიტუაციაზე ირანის ომის ზეგავლენის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შიშობს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უკრაინაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

„არასასიკეთო წინათგრძნობა მაქვს უკრაინაში სიტუაციაზე ამ ომის ზეგავლენის შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიტანულ მაუწყებელ BBC-სთან ინტერვიუში.

  • უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში 17 მარტს ჩავიდა, მეფე ჩარლზს და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში.
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა მათი ერთობლივი განცხადება უსაფრთხოებისა და სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.

BBC-სთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, აშშ უფრო ახლო აღმოსავლეთზეა ფოკუსირებული, ვიდრე უკრაინაზე და ირანის გამო გადადებულია სამმხრივი შეხვედრები.

  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს, ხოლო მესამე - 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
  • მოლაპარაკების გაგრძელება მარტის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო მორიგი რაუნდის თარიღი გაურკვეველია.
ასევე ნახეთ FT: უკრაინის საკითხში აშშ-ის შუამავლობა ჩიხში შევიდა ირანთან ომის ფონზე

BBC-ს წამყვანმა ლორა კიუნსბერგმა 17 მარტს უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, აქცია თუ არა მსოფლიო უფრო სახიფათოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ სამართლიანი პასუხი ვერ ექნება, მაგრამ ცდილობს ობიექტურად ილაპარაკოს და მიიჩნევს, რომ ნატოში ნებისმიერი განხეთქილება ორივე მხარეს დაასუსტებს.

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოელ მოკავშირეებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ არ ჩაერთნენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში, მათ შორის ჰორმუზის სრუტის დასაცავად.
ასევე ნახეთ ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი დახმარება აღარ სჭირდებათ
  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გამოიწვია.