Freedom House: აშშ-ის თავისუფლების ინდექსი სარეკორდოდ დაბლა დაეცა

Freedom House-ის "თავისუფლების რუკა". 19 მარტი, 2026.

თავისუფლების ინდექსი აშშ-ში დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. ამის შესახებ 19 მარტს იტყობინება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House საკუთარ ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით.

აშშ-ში თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით სამი პუნქტით დაეცა და ამჟამად 81 პუნქტს შეადგენს 100-ბალიან სკალაზე, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია 1972 წლიდან მოყოლებული. Freedom House აშშ-ს კვლავაც თავისუფალი სახელმწიფოების კატეგორიას მიაკუთვნებს, მაგრამ 2026 წლის მდგომარეობით ამ ქვეყნის მაჩვენებელი ჩამოუვარდება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისას და სამხრეთ კორეისას და ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

Freedom House-ის განცხადების თანახმად, აშშ-ის მაჩვენებლის კლება დაკავშირებული არის საკანონმდებლო ხელისუფლების „დისფუნქციურობასთან“აღმასრულებელი ხელისუფლების „დომინირების“, სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლისა და „მთავრობის მხრიდან ანტიკორუფციული მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის“ ფონზე.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 21% ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც „თავისუფალი“. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კეთრინ გროთის სიტყვებით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მეტი სახელმწიფო გადავიდა „თავისუფალი“ კატეგორიიდან „არათავისუფალში“.

შარშან მხოლოდ სამმა ქვეყანამ შეძლო მაჩვენებლების ხარისხობრივად გაუმჯობესება და გადავიდა „ნაწილობრივ თავისუფალი“ კატეგორიიდან „თავისუფალში“. ესენია ბოლივია, მალავი და ფიჯი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც უმაღლესი მაჩვენებელი, 100-დან 100 ქულა აქვს, არის ფინეთი.

საქართველოს 51 ქულა აქვს და „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაშია. მისი მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 4 პუნქტით გაუარესდა.

რუსეთის ფედერაციის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, მას 12 ქულა აქვს და „არათავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში იმყოფება.

ასევე ნახეთ არის თუ არა საქართველო მოწინავე ხუთეულში - რას ამბობს „ფრიდომ ჰაუსი“ ქართულ სასამართლოზე?