კანონპროექტი 19 მარტს გამოქვეყნდა სახელმწიფო დუმის ელექტრონულ ბაზაში. ცვლილებები შედის რუსეთის ფედერალურ კანონებში თავდაცვის და მოქალაქეობის შესახებ.
- უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და არაერთი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები. 120-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებენ, მათ ტერიტორიაზე ჩასვლის შემთხვევაში ამ პირების დაპატიმრების ვალდებულება აქვთ.
რა წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში
რუსეთის მთავრობის თანახმად, ფედერალური კანონის პროექტი შემუშავებულია „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით" იმ შემთხვევაში, თუ „მათი დაპატიმრება (დაკავება), სისხლისსამართლებრივი და სხვა სახის დევნა" ხდება უცხოეთის სახელმწიფოთა სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, საუბარია სასამართლოებზე, რომლებსაც „სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების სფეროში უფლებამოსილებები მინიჭებული აქვთ უცხოეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე და საერთაშორისო სასამართლო ორგანოებზე, რომელთა კომპეტენცია არ ეფუძნება რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებას, ან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას“.
რუსეთის მოქალაქეების „დასაცავად“ შესაბამისი ზომების მიღების საკითხს რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს.
ასევე ნახეთ ევროსაბჭო ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამოსაძიებლადრუსული მედიასაშუალებები პირველად 10 მარტს წერდნენ, რომ რუსეთის მთავრობის საკანონმდებლო საქმიანობის კომისიამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და მას განსახილველად დუმას გადასცემდნენ.
გამოცემა РБК-ს შეკითხვას, გავრცელდება თუ არა კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რუსეთის იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ გრუზდევმა უპასუხა, რომ ამ სასამართლოს კომპეტენცია ეფუძნება რომის სტატუტს, რომელსაც რუსეთმა ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა რატიფიკაცია არ განუხორციელებია.
2016 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რომის სტატუტის მონაწილეობა არ სურს. შესაბამისად, გრუზდევის განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია არ ეფუძნება თავად რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებას.
- 2025 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლითაც რუსეთს შეუძლია თავის ტერიტორიაზე არ აღასრულოს უცხოეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
- 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
- სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
- ჰააგის სასამართლოს გაცემული აქვს ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის, შორეული ავიაციის ყოფილი სარდლის, სერგეი კობილაშის და შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდლის, ვიქტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერებიც.