ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინასთან ომში რუსეთიდან 204 600-ზე მეტი დაღუპულის ვინაობა

უკრაინასთან ომში დაღუპულთა საფლავები სანქტ-პეტერბურგში

უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან 204 626 დაღუპულის ვინაობა დაადგინეს ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსულმა სამსახურმა და დამოუკიდებელმა გამოცემა „მედიაზონამ“.

განახლებული მონაცემები დღეს, 20 მარტს გამოქვეყნდა.

  • დაღუპულთა 57%-ს შეადგენენ მოხალისეები, მობილიზაციით გაწვეულები და საომრად კოლონიებიდან გაგზავნილი პატიმრები.
  • უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულია 7009 რუსი ოფიცერი, მათ შორის 164 პოლკოვნიკი და 13 გენერალი.

უკრაინასთან ომში რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის სექტემბერში დაასახელა უკრაინაში დაღუპული სამხედროების რიცხვი - 5937.

BBC-ს რუსული სამსახური და „მედიაზონა“ დაღუპულთა სახელებს და გვარებს მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად ადგენენ საფლავების შესწავლის და საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების გადამოწმებისა და შედარების საფუძველზე.

დაღუპულთა გვარებს საჯარო სივრცეში, მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად ასახელებენ რუსეთის რეგიონებისა და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ადგილობრივი მედია, სასწავლო დაწესებულებები, სადაც ეს მეომრები სწავლობდნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები.

  • 2026 წლის თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.