ლუკაშენკა: აშშ ბელარუსს "დიდ გარიგებას" სთავაზობს

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ლუკაშენკა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსს სთავაზობს "დიდი გარიგების" გაფორმებას. ლუკაშენკა ამ განცხადებით გამოვიდა ერთ დღეში მას მერე, რაც მინსკში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელს და რაც ბელარუსში 250 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.

ჟურნალისტებთან საუბარში ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ "გარიგება" აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელითაა ნათქვამი.

"ეს მნიშვნელოვანია ბელარუსისთვის და მათ შორის ჩემთვის. ამიტომ მე ვთქვი: 'მე ამას ნორმალურად აღვიქვამ, გადაეცით დონალდს, რომ თანახმა ვარ ეს დიდი გარიგება შევიმუშაოთ, მოვამზადოთ", - განაცხადა ლუკაშენკამ.

ლუკაშენკას თქმით, პოლიტიკური პატიმრების შემდგომი გათავისუფლებისა (თავად იგი უარყოფს, რომ ისინი პოლიტიკური მოტივებით არიან მსჯავრდადებულნი) და სანქციების მოხსნის გარდა, "დიდი გარიგება" შესაძლოა შეეხოს საელჩოთა მუშაობის აღდგენას, ასევე კონტროლს ბირთვულ მასალებზე. ლუკაშენკა აცხადებს, რომ აპირებს აშშ-ში გაემგზავროს და მონაწილეობა მიიღოს ე.წ. "მშვიდობის საბჭოს" მომდევნო სხდომაში - ამ საბჭოში ლუკაშენკა ტრამპმა მიიწვია.

ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა ლუკაშენკასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მინსკსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა - და განაცხადა, რომ მოიხსნება სანქციები, რომლებიც დაწესებულია ბელარუსის ბანკებსა და ფინანსთა სამინისტროზე. მანამდე აშშ-ის სანქციები მოეხსნა კომპანიებს "ბელავია" და "ბელარუსკალი".

კოულმა გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლომდე ბელარუსში გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი - გისოსებს მიღმა კვლავაც ასობით პირია დარჩენილი.

"დიდი გარიგების" შესახებ ლუკაშენკოს მიერ 20 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე ვაშინგტონში ჯერ არაფერი უთქვამთ.

ასევე ნახეთ ლუკაშენკა ჰააგაში?