მანამდე ცნობილი იყო, რომ დღეს ტაძრის ტერიტორია ჩაიკეტებოდა და შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნებოდა შესაძლებელი.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის” - უთხრა დღეს მედიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა „მთლად ჩაკეტილი არ იქნება".
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა 9 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურებას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) სინოდის წევრებთან ერთად.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მივა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ, ფეხით მსვლელობა იქნება.
პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით ავლაბრის მეტრომდე, ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდისკენ და შემდეგ შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.