ყაველაშვილის სიტყვებით, "დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.
"დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია“, - თქმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მან, პატრიარქ ილია მეორეს "ერის გამაერთიანებელი" უწოდა და თქვა, რომ „განუზომელია" მისი "ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში".
"თქვენ იყავით და კვალავ ბრძანდებით ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, თქვენი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც თქვენმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა.
„პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში.
თქვენი ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვეცით: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანეთ და შეგვახსენეთ ჩვენი ნამდვილი ბუნება -სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს.
თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც თქვენ გვიანდერძეთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წესის აგების მსახურების შემდეგ სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. მან გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა მოღვაწეობის, უდიდესი ღვაწლისა და განუზომელი სიყვარულისთვის.
„დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი სიტყვებით, „უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა”.
ირაკლი კობახიძის თქმით, „გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ და თაობამ, რომელსაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღოდა. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი”.
პრემიერ-მინისტრმა მოიყვანა სიტყვები გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან „მამული” - „წინაპართაგან წავიდა ყველა...“, თქვა, რომ „შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა” და „ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს განცდა შეგიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენ სამშობლოსა და ჩვენს დედა ეკლესიას”.
სამების საკათედრო ტაძარში გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის - თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა", კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კი
„თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე - სიყვარულზე".
„მან შეძლო შეუძლებელი - როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი. დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დავუბრუნეთ“, - თქვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ „გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია" - მიტროპოლიტი შიო- სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა შეასრულა მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად.
- წესის აგების მსახურებას წინ უძღოდა წირვა, რომელიც მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა სინოდის წევრებთან ერთად.
ცერემონიას ესწრებოდა რუსეთის ეკლესიის დელეგაცია მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის ეგზარქატის წინამძღოლის, მინსკის მიტროპოლიტ ვენიამინის ხელმძღვანელობით.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა რომის კათოლიკური ეკლესიის დელეგაცია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.
- ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო 1977 წლიდან.