ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს სრულად დაკეტავს ტრამპის მუქარის განხორციელების შემთხვევაში

აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა დაბლოკა (საილუსტრაციო ფოტო)

ირანი სრულად დაკეტავს ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტეს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სისრულეში მოიყვანს თავის მუქარას ირანის ენერგეტიკის ობიექტების მიზანში ამოღების შესახებ - აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი 22 მარტს.

ტრამპი შაბათს გამოვიდა მუქარით ირანის ელექტროსადგურების განადგურების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში სრულად არ გახსნის. სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ეს ნიშნავს მნიშვნელოვანი ესკალაციის შესაძლებლობას - ერთ დღეში მას მერე, რაც ტრამპი უკვე მეოთხე კვირაში შესული ომის "კლებაზე" ლაპარაკობდა.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ასევე ამბობს, რომ თუ ვაშინგტონი ირანის ენერგიის ობიექტებს გადააქცევს სამიზნედ, მაშინ "სრულად განადგურდება" კომპანიები, რომლებშიც აშშ-ს წილი აქვს, და იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ის ბაზებია განთავსებული, ენერგეტიკის ობიექტები გადაიქცევა ლეგიტიმურ სამიზნედ.

ასევე ნახეთ ტრამპი ირანს დაემუქრა ელექტროსადგურების განადგურებით, თუ 48 საათში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის