ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ პრიმორსკის პორტში დაზიანდა საწვავის ავზი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა და პერსონალი ევაკუირებულია.
პრიმორსკის საზღვაო-სავაჭრო პორტი ბალტიის ზღვაზე, ფინეთის ყურეში მდებარეობს, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტის" მიერ მართული ბალტიის მილსადენების სისტემის ბოლო პუნქტი და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში ნავთობის გადაქაჩვის უმსხვილესი პორტია.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა პრიმორსკის პორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს 2025 წლის სექტემბერშიც.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ დროზდენკოს მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, 23 მარტს საჰაერო თავდაცვამ რეგიონში „გაანადგურა“ 70-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA წერს, რომ ლენინგრადის ოლქში დრონების მოსაგერიებლად გაშვებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ გატჩინის საცხოვრებელ მასივში, მე-12 სკოლის რაიონში აფეთქდა. ASTRA-ს ცნობით, აფეთქების ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს სამხედრო დანიშნულების საწარმო „ვისკომი“.
განახლება: 23 მარტს, დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა პრიმორსკის პორტის ნავთობტერმინალზე დარტყმა. გენშტაბის ცნობითვე, რუსეთში იერიში მიიტანეს ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ბაშნეფტ-უფანეფტხიმზეც“.
- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.