2008 წლის აგვისტოს ომზე პოსტისთვის „დოჟდის“ ჟურნალისტს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ვალერია კიჩიგინა

მოსკოვის ტაგანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტს ვალერია კიჩიგინას „ფეიკების“ შესახებ კანონის საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.

ინფორმაციას გამოცემა "Осторожно, Новости" ავრცელებს. რუსეთში ეს პირველი ცნობილი საქმეა, რომელშიც ბრალდება არა მხოლოდ უკრაინაში ომის, არამედ 2008 წელს საქართველოში ომისადმი კრიტიკულ მასალებსაც შეეხება.

კიჩიგინას ორ ეპიზოდზე წაუყენეს ბრალი: ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევის სტატიის რეპოსტითვის, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული ოკუპაციის შემდეგ მომხდარ მასობრივ მკვლელობებს შეეხებოდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ Instagram-ის სთორისთვის - წარწერით: „დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. 7-დან 8 აგვისტოს ღამეს რუსეთის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ და მშვიდობიანი ქალაქები დაბომბეს. უკვე 15 წელია, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული“. ორივე პოსტი ამჟამად მიუწვდომელია.

კიჩიგინა, რომელმაც რუსეთი 2023 წელს დატოვა, რომ მას ე.წ. „ბაიმაკის საქმის“ გაშუქების გამო დევნიან და რომ საქართველოში ომის შესახებ მისი პოსტი საბაბად იქცა.

ასევე ნახეთ კიჩიგინას საქმე: ინსტაგრამზე საქართველოზე დაწერა - ახლა მას ამ პოსტისთვის ასამართლებენ

სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში აღიძრა, ორი თვის მერე, რაც „დოჟდზე“ გავიდა მისი რეპორტაჟი ბაიმაკის საქმეზე, რომელიც ბაშკირეთში პროტესტებთან დაკავშირებულ ყველაზე მასშტაბურ პოლიტიკურ პროცესს ეხებოდა.

ბაიმაკის საქმე - ზოგადი დასახელებაა სისხლისა და ადმინისტრაციული საქმეებისა, რომლებიც აღიძრა ბაიმაკში (ბაშკირეთი) მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 2024 წლის იანვარში. აქციების მიზეზი გახდა ბაიმაკის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მან ბაშკირელ აქტივისტ ფაილ ალსინოვს გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს მტრობის ან სიძულვილის გაღვივებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის გამოცხადების დღეს, სასამართლოსთან და ქალაქის ცენტრში სტიქიური მასობრივი აქციები გაიმართა. თვითმხილველებისა და უფლებადამცველების შეფასებით, მათში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქციებს თან ახლდა შეტაკებები სამართალდამცავებთან და მასობრივი დაკავებები. საგამოძიებო კომიტეტმა და პოლიციამ ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის მუხლებით: მასობრივი უწესრიგობის მოწყობა; ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლებზე; ექსტრემისტული მოწოდებები და არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობა.

  • რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციის"(„ფეიკების“) გავრცელების მუხლი დაამატეს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში.
  • „დანაშაულის" კატეგორიების მიხედვით მინიმალური სასჯელი ჯარიმაა, მაქსიმალური - 15 წლამდე პატიმრობა. „ფეიკების“ მუხლით ბევრი ადამიანია გასამართლებული.