თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის ორგანიზებულ სამიტის სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა

თამარ ბაგრატიონი სამიტზე

პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ცოლი, სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებულ სამიტის („ერთად უკეთესი მომავლისთვის“) სამუშაო სესიაზე.

ბაგრატიონმა მადლიერება გამოხატა მასპინძლის მიმართ.

„დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას.

ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება - გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში“, - თქვა თამარ ბაგრატიონმა.

სამიტის შესახებ

  • ორდღიან სამიტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით იმართება, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ გლობალური კოალიციაა, რომელიც განათლებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
  • ამ იდეის შესახებ მელანია ტრამპმა გაეროს 80-ე გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა.
  • ეს სამიტი პირველი შემთხვევაა, როცა პირველი ლედი თეთრ სახლში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს. სამიტი 24 მარტს გაიხსნა და ხვალ, 25 მარტს დასრულდება.