ვარდანიანი ნიკოლ ფაშინიანის დიდი ხნის მოკავშირეა. ის სომხეთის პარლამენტმა დღეს, 25 მარტს 67 ხმით ნულის წინააღმდეგ გაამწესეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
მოსამართლედ მისმა არჩევამ ოპოზიციონერი დეპუტატებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების კრიტიკა გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ ვარდანიანი პოლიტიკურად მიკერძოებული იქნება.
„აშკარა ეჭვი“ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - სომხეთმა“ (TI-მ) სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას მოუწოდა, არ დაენიშნა ვარდანიანი აღნიშნულ პოზიციაზე, თუმცა უშედეგოდ.
ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტში“ მან 7 წელი გაატარა და იყო პარტიის ერთ-ერთი ცნობილი სახე, ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.
ვარდანიანმა სულ ახლახან, 19 მარტს დატოვა დეპუტატის მანდატი. კანონისმიერ ვალდებულებაა, საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევამდე კანდიდატი უპარტიო იყოს.
TI-ის შეფასებით, „მიუხედავად იმისა, რომ ვარდანიანმა თანამდებობა დატოვა, ის ფაქტი, რომ იგი შვიდ წელზე მეტია პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და პარტიის წევრია, აშკარა ეჭვს იწვევს მის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მიუკერძოებლად იმოქმედოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე“.
TI-ის გარდა, მსგავსი მოწოდებით გამოვიდა კიდევ 13 არასამთავრობო ორგანიზაცია.
„ორმაგი სტანდარტი“
ოპოზიციური პარტიების, „სომხეთისა“ და „პატივ უნემის“ („მაქვს პატივი“) საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტია“ და, მათ შორის, ვარდანიანის „ორმაგ სტანდარტებზე“.
მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ჰრაირ ტოვმასიანის თანამდებობიდან გადაყენებას ფაშინიანის გუნდი, მათ შორის პირადად ვარდანიანი, იმ არგუმენტით ითხოვდნენ, რომ ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიასთან, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ კავშირი „ძირს უთხრიდა მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას“.
ამ კრიტიკის პასუხად, ვარდანიანმა, - პროფესიით იურისტმა, რომელიც წარსულში მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, - შედარებას არარელევანტური უწოდა.
„ჰრაირ ტოვმასიანის მთავარი პრობლემა იყო არა მისი პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაყვანა“, არამედ გარემოება, რომ ის თავის მიერ მხარდაჭერილი რეგულაციების გათვალისწინების გარეშე გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
ვარდანიანი სწორედ ჰრაირ ტოვმასიანს ჩაანაცვლებს. ტოვმასიანი წარსულში სასამართლოს თავმჯდომარე იყო, თუმცა 2019 წელს ხელმძღვანელი პოზიციიდან გადადგა მმართველი გუნდის მოწოდებების ფონზე.
2019 წლიდან მან საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით წევრად გააგრძელა მუშაობა. კრიტიკის საფუძველი მისი წარსული კავშირები იყო ექსპრეზიდენტ სარქისიანის „რესპუბლიკურ პარტიასთან“.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში - 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, - მათ გადადგეს არაერთი ნაბიჯი სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
- ვლადიმირ ვარდანიანი სასამართლოში ოფიციალურად წარადგინა პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა;
- საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 12 წლის ვადით ირჩევენ;
- სასამართლოს პლენუმს 9 წევრი აკომპლექტებს.