უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლენინგრადის ოლქში დაარტყეს გემთმშენებელ და ნავთობპროდუქტების ქარხნებს

უკრაინის გენშტაბმა 25 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის ლენინგრადის ოლქში დაარტყეს ქარხანა „ნოვატეკ-უსტ-ლუგს“

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა რუსეთის ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგში მდებარე ქარხანაზე, რომელიც კომპანია „ნოვატეკს“ ეკუთვნის.
  • ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული „ნოვატეკი“ რუსეთში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი კომპლექსი, რომლის უსტ-ლუგში მდებარეობს, დაკავებულია გაზის კონდენსატის გადამუშავებითა და ნავთობპროდუქტების ექსპორტით.


ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო 25 მარტს დილით იუწყებოდა ფინეთის ყურესთან მდებარე უსტ-ლუგის პორტზე უკრაინული დრონებით შეტევისა და ხანძრის შესახებ.

დღის მეორე ნახევარში უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ ქარხანა „ნოვატეკ-უსტ-ლუგზე“ დარტყმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია რეზერვუარების პარკი და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩამომსხმელი დანადგარები.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ლენინგრადის ოლქში დაარტყეს ვიბორგის გემთმშენებელ ქარხანასაც, სადაც წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია რუსეთის სასაზღვრო სამსახურისთვის განკუთვნილი საპატრულო ყინულმჭრელი „პურგა“. უკრაინის გენშტაბის თანახმად, მსგავსი ხომალდები საბრძოლო გემის დანიშნულებასაც ასრულებენ.

რუსეთს ვიბორგის ქარხანაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დრონებით რუსეთზე უფრო მასშტაბური შეტევა იყო, ვიდრე უკრაინაზე