მოკლედ
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს იურისტ მიხეილ ზაქარეიშვილის და ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ინტერესებს.
- ორივე მათგანი ასაჩივრებს მათ წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს ქართულ სასამართლოებში.
- მიხეილ ზაქარეიშვილი ასაჩივრებს პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომისთვის 4 დღიანი პატიმრობის შეფარდებას მისთვის.
- ვიკა ბუკია დეპუტატ მარიამ ლაშხის მისამართით ფეისბუკზე დაწერილი სტატუსის გამო გამოწერილ 4 000 ლარიან ჯარიმას.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვიკა ბუკია 4 000 ლარით 2025 წლის 18 ივნისს დააჯარიმა მოსამართლე დავით თეთრაულმა ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო. სადავო სტატუსი სოციალურ ქსელში მან 30 მაისს გააზიარა - ვიდეოში, რომელზეც ეწერა, "მონამ ჩამიარა", ჩანდა ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი.
ვიკა ბუკიას დაჯარიმებას წინ უძღოდა "ოცნების" წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
2025 წელს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტების გამო ქართულმა სასამართლოებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმეების საფუძველზე 20-ზე მეტი ჟურნალისტის, აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ იმსჯელეს და უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების წინააღმდეგ მიიღეს - სადავო პარლამენტმა კანონი, რომლითაც აქტიური მოქალაქეების დაჯარიმება გახდა შესაძლებელი სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში გაკეთებული განცხადებების შინაარსის გამო, 2025 წლის თებერვალში მიიღო.
ასევე ნახეთ 4000 ლარით დააჯარიმეს ჟურნალისტი ვიკა ბუკია მარიამ ლაშხის შესახებ სტატუსის გამორაც შეეხება მიხეილ ზაქარეიშვილს, რომლის წინააღმდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ათობით საქმე აქვს წამოებაში, ტროტუარზე პროტესტის გამო ის 2026 წლის 23 იანვარს დააპატიმრეს 5 დღით. მის ამ კონკრეტულ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიშა ზაქარეიშვილს 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
"თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ვიდეომასალიდანაც კარგად ჩანს, რომ საპროტესტოდ შეკრებილი ხალხის რაოდენობა მცირე იყო იმისათვის, რომ გამვლელების გადაადგილება შეეფერხებინა" - ამბობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ამ საქმეზე.
კანონი, რომლითაც ტროტუარზე დგომისთვის დემონსტრანტების დასჯა პატიმრობით შესაძლებელი გახდა, სადავო პარლამენტმა 2025 წლის მიწურულს დაჩქარებულად განიხილა და 10 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო. ამ კანონით სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ამ კანონში.
პოლიციის წერილობითი ინფორმირება არ ნიშნავს, რომ შსს მათ აქციის ანდა მსვლელობის გამართვის უფლებას მისცემს: უწყებას შეუძლია გამოაქვეყნოს „გაფრთხილება“ ან დემონსტრანტებს შესთავაზოს „ალტერნატიული დრო ან/და ადგილი“.
ასევე ნახეთ ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრება - წესრიგის დაცვა თუ აბსურდი?