გამოცემის თანახმად, კალასმა რუბიოს შეახსენა ერთი წლის წინ, ამავე ფორუმის ფარგლებში ნათქვამი - რომ თუკი რუსეთი ხელს შეუშლიდა აშშ-ს მცდელობებს - უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაშინ ვაშინგტონი დამატებით ნაბიჯებს გადადგამდა კრემლის წინააღმდეგ.
“წელიწადი გავიდა… როდის ამოიწურება თქვენო მოთმინება?” - Axios-ის წყაროების თანახმად, კალასის მიერ დასმულ შეკითხვას რუბიოს გაღიზიანება მოჰყვა.
“რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ ომის დასასრულებლად. თუკი ფიქრობთ, რომ ამის გაკეთება უკეთესად შეგიძლიათ, იმოქმედეთ. ჩვენ განზე გავდგებით”, – წყაროს თანახმად, მარკო რუბიომ ხმას აუწია, კაია კალასისთვის პასუხის გაცემის დროს.
Axios-ის სტატიაში მითითებულია რუბიოს კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც - აშშ ცდილობდა ორივე მხარესთან [უკრაინა და რუსეთი] დალაპარაკებას, თუმცა “ეხმარებოდა მხოლოდ ერთ მხარეს - უკრაინას - იარაღით, დაზვერვითა და სხვა მხარდაჭერით”.
გავრცელებული ცნობით, საუბარში ჩაერთნენ „დიდი შვიდეულის“ მინისტრების სამიტის რამდენიმე მონაწილე და განაცხადეს, რომ - კვლავ სურთ, აშშ-მა გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე.
ორ წყაროზე დაყრდნობით, Axios-ი იტყობინება, რომ შეხვედრის ბოლოს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ურთიერთობა გააგრძელეს, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.
“ეს იყო მოსაზრებების გულახდილი გაცვლა. სწორედ ამისთვის არსებობს დიპლომატია”, - უთხრა Axios-ს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
“კალასის პრესსპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა” - იტყობინება გამოცემა.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა “დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე ირანის, უკრაინის, ასევე კუბის ვითარება განიხილა