„ამერიკელებს, ასე ვთქვათ, სავსებით შეუძლიათ კიევზე ზეწოლა და გავლენის მოხდენა“, - განაცხადა მან. მისი თქმით, რუსეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე, რათა მან შეასრულოს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ანკორიჯში, გასული წლის აგვისტოში, მიღწეული შეთანხმებები.
უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, „არაერთი საინტერესო და სასარგებლო წინადადება წამოაყენა“, თუმცა ისინი „ჯერ არ განხორციელებულა“. პუტინის თანაშემწემ არ დააკონკრეტა, თუ რა წინადადებები იყო ეს.
მან ასევე არ დააკონკრეტა, ანკორიჯის სამიტის რომელ შეთანხმებებზე იყო საუბარი. რუსი ოფიციალური პირები ხშირად საუბრობენ „ანკორიჯის სულისკვეთებაზე“ ან „ანკორიჯის გაგებაზე“, მათი სიტყვებიდან ჩანს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ რაღაცაზე, რის განხორციელებასაც უკრაინა ხელს უშლის.
როგორც წესი, ამ კონტექსტში მოიხსენიება მთელი დონბასის - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების - რუსეთის კონტროლის ქვეშ გადაცემა, რასაც უკრაინა ეწინააღმდეგება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირაში დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, კიევს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დონბასიდან თავის ჯარებს გაიყვანს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ ზეწოლას ახდენს ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი კომენტარები გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და მათ “სიცრუე” უწოდა. რუბიოს თქმით, აშშ უბრალოდ გადასცემს უკრაინას მოსკოვის პოზიციას ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მას არ ეთანხმება.
ასევე ნახეთ ზელენსკი პასუხობს რუბიოს: მე აისბერგის უმცირესი ნაწილი გამოვაჩინე
ამის საპასუხოდ ზელენსკი აპირებს, მყარად იდგეს ამ პოზიციაზე და აღნიშნა, რომ აშშ გარანტიების საკითხს დონბასიდან ჯარების გაყვანას უკავშირებდა. უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს აშშ-ის უფლებაა, თუმცა დასძინა, რომ ვაშინგტონისგან ზეწოლის გაძლიერებას ომის შეჩერების მიზნით, მოელის მოსკოვზე და არა კიევზე.
რუსეთის წარმომადგენლები უკრაინის მიმართ რუსეთის მთავარ მოთხოვნად რუსეთის კონტროლის ქვეშ დონბასის გადაცემას ასახელებენ. არსებობს სხვა მოთხოვნებიც.
სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართა. ამას მოჰყვა ორმხრივი შეხვედრების სერია. ამ შეხვედრებს ჯერ არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.