აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა

ფოტოზე: თორნიკე რიჟვაძე (მარცხნივ) და დავით გაბაიძე

დავით გაბაიძემ, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა, პოსტი დატოვა.

გადაწყვეტილება მან დღეს, 30 მარტს, თავად გამოაცხადა უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე.

გაბაიძეს, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო უმაღლესო საბჭოს თავმჯდომარე, მედიაში უწოდებდნენ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის გარემოცვის წევრს.

2018 წელს კითხვაზე, იყვნენ თუ არა ნათესავები ის და გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა“.

„არ იყო ამ ფაქტორით გამოწვეული“

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა თორნიკე რიჟვაძეს, - რომელიც 2025 წლის 4 აპრილს გადადგა, 7 ივლისს კი თვითმკვლელობა სცადა, - გაბაიძემ უპასუხა:

„ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა ამ ფაქტორებიც გამოწვეული, რაც აქ იქნა მოყვანილი. ეს ნამდვილად არის ჩემი სუბიექტური ნება“.

მედიის ცნობით, რიჟვაძის გარემოცვის არაერთი წევრი, რომლებიც წარსულში გარკვეულ თანამდებობებს იკავებდნენ, პოსტის გარეშეა დარჩენილი.

ვინ იქნება გაბაიძის შემცვლელი, ჯერ ოფიციალურად არ უთქვამთ, თუმცა მედიაში სავარაუდო კანდიდატად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე აჭარაში, ცოტნე ანანიძე სახელდება.

რა თქვა გაბაიძემ რიჟვაძეზე

დღესვე, ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად დავით გაბაიძემ თქვა, რომ თორნიკე რიჟვაძე „არის ჯანმრთელად“, თუმცა „რეაბილიტაციის კურსებს გადის“.

„კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელ ქვეყანაშია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რიჟვაძის მეუღლესთან აქვს ტელეფონით კონტაქტი.

„გამოძიებაც თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც თავის გზას ნახავს“, – განაცხადა მან.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან. ის თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა და გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

ასევე ნახეთ 2025 წელი - "ოცნება" ყოფილი ერთგული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ

რიჟვაძეს ჯერ არაფერი უთქვამს

  • 2025 წლის 7 ივლისის დილას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა;
  • გასროლის შედეგად დაიჭრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
  • რიჟვაძე და ახვლედიანი მეგობრები არიან;
  • ახვლედიანი პოლიციამ მალევე დააკავა „იარაღის დაუდევრად შენახვის“ ბრალდებით;
  • რიჟვაძე საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ იმავე დღესვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც უკვე დადებითი დინამიკა აღენიშნებოდა;
  • 8 ივლისს ახვლედიანისთვის ბრალის წაყენების შესახებ პროკურატურის განცხადებიდან გაირკვა, რომ გამოძიება მუშაობს თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით;
  • ახვლედიანი სხდომათა დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს;
  • 9 ივლისს, დილით ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის თხოვნით, თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ;
  • იმ დროიდან მოყოლებული, რიჟვაძეს საჯაროდ არაფერი უთქვამს და დაუწერია;
  • ირაკლი კობახიძემ 10 ივლისს თქვა: „მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს“.
ასევე ნახეთ კობახიძის განცხადებით, "მას და მის მეგობრებს თორნიკე რიჟვაძესთან არავითარი პრეტენზიები არ აქვთ"