"მსურს ამერიკის ხალხმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ეთერს უყურებენ, იცოდნენ, რომ ეს [ოპერაცია ირანში] ფუნდამენტურად შეეხება მათი [ირანის] საჰაერო ბაზის განადგურებას, რაც დიდწილად მიღწეულია; მათი საზღვაო ძალების განადგურებას, რაც დიდწილად მიღწეულია; მათი ქარხნების განადგურებას, სადაც მთელ ამ იარაღს ამზადებენ - საკმაოდ კარგად მივდივართ ამის მიღწევისკენ და მათი რაკეტების გამშვებების არსებითად შემცირებისკენ, რომ მათ არ შეეძლოთ მომავალში დაემუქრონ თავიანთ მეზობლებს. ყველა ეს მიზანი ან წინსწრებით არის მიღწეული, ან ახლა მიმდინარეობს მათკენ სვლა, ან მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და მათი მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს კვირების განმავლობაში", - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ "ეიბისის" გადაცემა Good Morning America-ს წამყვან ჯორჯ სტეფანოპულოსის არაერთგზის შეკითხვაზე, რომელიც ცდილობდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ირანზე განცხადების შინაარსის დაზუსტებას.
ამას მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვა დონალდ ტრამპის სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტის იმ ნაწილზე, რომელიც აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებებსა და მათი ჩაშლის შემთხვევაში გამოთქმულ მუქარას ეხება:
"თქვენი საუბრის პარალელურად პრეზიდენტი მიზნებს აფართოებს. რამდენიმე წუთის წინ მან Truth Social-ზე პოსტი დადო და აცხადებს, რომ ახლა ჩვენ დისკუსიას ვაწარმოებთ ირანის ახალ და შედარებით კეთილგონიერ რეჟიმთან, მაგრამ აგრეთვე დაურთო, რომ თუკი ეს დისკუსიები უნაყოფო აღმოჩნდება, აშშ ააფეთქებს და სრულად გაანადგურებს მათ ყველა ელექტროგენერაციის სადგურს, მათ ყველა ნავთობის საბადოს და კუნძულ ხარგს და შესაძლოა დესალინიზაციის ყველა ქარხანას, რომლებსაც ამ დრომდე განგებ არ შევხებივართო - ეს თქვა მან. ეს მიზნების ძალიან გაფართოებაა".
სახელმწიფო მდივან რუბიოს პასუხი:
"ვფიქრობ, პრეზიდენტი უპირველესად ამბობს იმას, რომ ის უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიას. როგორც ვთქვი, ეს ძალისხმევა ახლა იდგამს ფეხს. არის გზავნილების გაცვლა-გამოცვლა, მიმდინარეობს რაღაც საუბრები, მათ შორის - შუამავლების დახმარებით. ის ყოველთვის ამას ანიჭებს უპირატესობას.
წარსულში, ნებისმიერ დროს, ირანის რეჟიმს რომ ეთქვა: თავს ვანებებთ ჩვენს ბირთვულ ამბიციებს, ვაპირებთ ატომური ენერგიის იმგვარად წარმოებას, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს უამრავი ქვეყანა და რომ ეს გაკეთდება მშვიდობიანი საშუალებებით, როცა ობიექტზე შეგაქვს საწვავი და ამაზე ხორციელდება მონიტორინგი; რომ ეთქვა, მთელ რეგიონში შევწყვეტთ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას - შეხედეთ ამ რეგიონს, ყველა ტერორისტული ჯგუფი რეგიონში დაკავშირებულია ირანის რეჟიმთან, ყველა მათგანი: ჰუთები, ჰეზბოლა, ჰამასი, შიიტური მილიტარისტული დაჯგუფებები, რომლებიც ყველას თავს ესხმიან ერაყის მიღმა. თითოეულ ამ ჯგუფს და ყველანაირ დესტაბილიზაციას რეგიონში პირდაპირ მივყავართ ირანის რეჟიმთან. ეს საკითხები უნდა მოგვარდეს. ირანს რომ მოენდომებინა მათი მოგვარება წარსულში, ჩვენ ახლა, ამწუთას ამ თემაზე ინტერვიუ არ გვექნებოდა".
"ეიბისის" 30 მარტის ეთერში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანის რეჟიმზე განაცხადა:
"ეს ხალხი შეშლილია. ისინი გიჟები არიან. ისინი არიან რელიგიური ფანატიკოსები, რომლებსაც არასდროს უნდა მიეცეთ ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა, ვინაიდან მათ აქვთ აპოკალიპსური ხედვა მომავალზე. სხვათა შორის, ეს მათმა ყველა მეზობელმა იცის და ამიტომაც უჭერენ ისინი მხარს ჩვენს ძალისხმევას".
რუბიომ უარი თქვა დაეკონკრეტებინა, ირანელთაგან ვისთან აქვს მოლაპარაკებები ვაშინგტონს:
"არ ვაპირებ თქვენთვის ამ ხალხის ვინაობის გამხელას, რადგან ეს მათ, სავარაუდოდ, პრობლემას შეუქმნის ირანში მყოფი სხვა ჯგუფებისგან. იქ მიმდინარეობს გარკვეული შიდა განხეთქილება. საბოლოოდ, ვფიქრობ, თუკი ირანში არიან ადამიანები, რომლებსაც მომხდარის შემდეგ, ახლა სურთ სხვა მიმართულებით წასვლა თავიანთი ქვეყნისთვის, ეს შესანიშნავი იქნება. წარმოიდგინეთ ირანს თავისი სიმდიდრე, მილიარდობით დოლარი ტერორისტების ან იარაღის ნაცვლად ირანის ხალხის დასახმარებლად რომ დაეხარჯა, ბევრად განსხვავებულ ქვეყანას ვიხილავდით".
აქვე, მარკო რუბიო საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ არ არის გამორიცხული, ის ადამიანები, რომლებთანაც დღეს ვაშინგტონი აწარმოებს მოლაპარაკებებს, უუნარონი ან არაგულწრფელნი აღმოჩნდნენ:
"თუ ახლა არიან პასუხისმგებელი ახალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფრო გონივრული ხედვა მომავლის შესახებ, ეს კარგი ამბავი იქნება ჩვენთვის, მათთვის, მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა მზად უნდა ვიყოთ აგრეთვე იმ შესაძლებლობისთვის, ალბათობისთვისაც, რომ ეს ასე არ არის. ვაპირებთ ამის გამოცდას.
...იმას ვგულისხმობ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პირად საუბრებში სწორ რაღაცებს ამბობენ. ცხადია, ისინი ამას პრესრელიზებად არ გამოაქვეყნებენ და რასაც თქვენ გეუბნებიან ან მსოფლიოს გასაგონად აცხადებენ, აუცილებლად იმას არ ასახავს, რასაც ჩვენთან საუბრებში ამბობენ.
თუმცა, საბოლოოდ, უნდა შევხედოთ, ეს ადამიანები იქნებიან პასუხისმგებლები, ეს არის თუ არა ის ხალხი, რომელსაც აქვს ნათქვამის შესრულების ძალაუფლება. ვაპირებთ ამის შემოწმებას. იმედი გვაქვს, რომ ეს ასეა. ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც ისე გველაპარაკებიან, როგორც ირანის ადრინდელი მმართველები წარსულში არ დაგვლაპარაკებიან".
სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ ირანელთაგან მოლაპარაკებებში მონაწილეთა "წინადადება" "ძალიან კარგად უნდა გამოიცადოს". ინტერვიუში მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ვითარების "მოლაპარაკებებითა და დიპლომატიით მოგვარება" ურჩევნია:
"თუმცა აგრეთვე მზად უნდა ვიყოთ იმ ფაქტისთვის, რომ ეს ძალისხმევა შეიძლება ჩავარდეს, რომ საქმე გვაქვს 47-წლიან რეჟიმთან, რომელიც ჯერაც უამრავ ადამიანს მოიცავს და ისეთებს, რომლებიც დიპლომატიისა და მშვიდობის მაინცდამაინც დიდი მოტრფიალეები არ არიან".
მარკო რუბიომ არ უპასუხა პირდაპირ დასმულ შეკითხვას - მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის ჩავარდნა ნიშნავს თუ არა ომის გაფართოებას. მისი პასუხი ასეთი იყო:
"ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ მათ ვეღარასდროს შეძლონ ბირთვული იარაღის შექმნა. ეს იყო მიზანი დასაწყისში; ეს რჩება ჩვენ მიზნად ახლაც. სინამდვილეში, ზოგიერთ საკითხში დაგეგმილზე სწრაფად მივიწევთ წინ და ვაპირებთ მათ [მიზნების] მიღწევას კვირებში, არა თვეებში".
ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დადო პოსტი, რომელშიც წერს:
"ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ დისკუსიას აწარმოებს ახალ, უფრო კეთილგონიერ რეჟიმთან ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციების დასასრულებლად. მიღწეულია დიდი პროგრესი, მაგრამ, თუკი რამე მიზეზით, გარიგება მალე არ მიიღწევა - და, ალბათ, მიიღწევა - და თუკი ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ "გაიხსნება ბიზნესისთვის", ჩვენს მშვენიერ "ყოფნას" ირანში დავაგვირგვინებთ ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის საბადოსა და კუნძულ ხარგის (და სავარაუდოდ, დესალინიზაციის ყველა ქარხნის!), რომელსაც ჯერჯერობით განგებ არ "შევხებივართ", აფეთქებითა და სრულად განადგურებით".
იმავე პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ყველაფერი იქნება "შურისძიება იმ უამრავი ჯარისკაცისა და სხვების გამო, ვინც ირანმა დახოცა ძველი რეჟიმის 47-წლიანი "ტერორით მმართველობის" განმავლობაში".
პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 მარტს გამოაცხადა, რომ აგრძელებს ამერიკის იმ მოქალაქეებისთვის დახმარებას, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ში დაბრუნება სურთ.
30 მარტს დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება „ხელს უწყობს ჩარტერული რეისების ორგანიზებას და გააგრძელებს დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა უსაფრთხოების პირობები“.
აშშ-ის საგარეო უწყება აზუსტებს:
„იქ, სადაც ხელმისაწვდომია კომერციული ავიაციის ვარიანტები, სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად ეხმარება ამერიკის მოქალაქეებს ბილეთების დაჯავშნაში. იმ ქვეყნებში კი, სადაც კომერციული ავიაციის ხელმისაწვდომობის დეფიციტია, დეპარტამენტი შესაძლებლობის ფარგლებში ხელს უწყობს მოქალაქეთა მესამე ქვეყნებში გასვლას. ეს მოიცავს სახმელეთო ტრანსპორტირების შესაძლებლობების გაზრდას იმ ამერიკელებისთვის, რომლებსაც სურთ ისრაელის დატოვება“.